დღეს, 27 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სხდომათა დარბაზში გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, აფხაზოლოგის, აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის დაბადების 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ლინგვისტ-კავკასიოლოგთა მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიხსნება.
სიმპოზიუმის თემატიკაა "იბერიულ-კავკასიური ენები: სტრუქტურა, ისტორია, ფუნქციონირება", სადაც მონაწილეობს 100-ზე მეტი მეცნიერი, მათ შორის დაღესტნიდან ჩამოდის 17 კაციანი დელეგაცია, ასევე მეცნიერები ჩეჩნეთიდან და ინგუშეთიდან (7 მეცნიერი), სტუმრები ისრაელიდან, ინდოეთიდან, თურქეთიდან.
ღონისძიებსი ორგანიზატორთა განცხადებით, დიდია ჩრდილოეთ კავკასიელი მეცნიერების ინტერესი, რადგანაც ქეთევან ლომთათიძემ უდიდესი კვალი დააჩნია კავკასიური ენების, განსაკუთრებით აფხაზური და აბაზური ენების კვლევის საქმეს, ზოგადად, კავკასიოლოგიურ ენათმეცნიერებას.
სიმპოზიუმის სტუმრების ოფიციალური მიღება საქართველოს პარლამენტში 27 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება.
სიმპოზიუმის მუშაობა გაგრძელდება 28-29 ოქტომბერს ენათმეცნიერების ინსტიტუტში (ინგოროყვას 8). 29 ოქტომბერს გაიმართება მრგვალი მაგიდა კავკასიის ენების ფუნქციონირების საკითხებზე თანამედროვე ეპოქაში.