დღეს, 27 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია "კვლევის ფიზიკური მეთოდები მედიცინაში~.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მეცნიერების ისტორიის საქართველოს საზოგადოება, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, 27-29 ოქტომბერს ატარებენ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე "კვლევის ფიზიკური მეთოდები მედიცინაში~.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები როგორც ფიზიკური მეთოდების (რენტგენული, ლაზერული, ბირთვულ-მაგნიტურ რეზონანსული, ულტრაბგერითი და სხვ.), აგრეთვე ამ მეთოდების გამოყენების შესახებ დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში მედიცინის სხვადასხვა მიმართულებით.
კონფერენციის მიზანია, ხელი შეუწყოს კვლევის ფიზიკური მეთოდების დარგში მომუშავე მეცნიერთა და მედიცინის დარგის სპეციალისტების პარტნიორულ თანამშრომლობას და მათი გამოცდილების გაზიარებას ამ მეთოდთა განვითარების და კიდევ უფრო ფართოდ გამოყენების მიზნით.
კონფერენცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფიზიკოსებისა და მედიცინის დარგის სპეციალისტების ერთობლივ მოხსენებებს ნანოტექნოლოგიების შესაძლებლობების შესახებ მედიცინაში.
გათვალისწინებულია კონფერენციის მიერ რეკომენდაციების მიღება შემდგომი სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ (მაგალითად, აღნიშნული მიმართულებით კონფერენციის, სკოლის, ან სხვა ღონისძიების პერიოდულად ჩატარების შესახებ).
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და რუსული. კონფერენციის ჩატარების დროს დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები. კონფერენცია ჩატარდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (მ. კოსტავას 77).
კონფერენცია 29 ოქტომბერს დასრულდება.