დღეს, 27 ოქტომბერს, ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, "დედაენის" შემქმნელის, იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 171 წელი გავიდა. იაკობ გოგებაშვილი 1840 წლის 27 (ძვ. სტ. 15) ოქტომბერს სოფელ ვარიანში (ახლანდელი გორის რაიონი) დაიბადა.
გოგებაშვილი იყო ქართველი პედაგოგი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი და საზოგადო მოღვაწე. მისთვის მთავარი პედაგოგიკის პრინციპი იყო ხალხურობის პრინციპი, რომელიც ერის ინტერესების შესაბამის სახალხო განათლებას, ეროვნული კულტურის აღორძინებასა და მშობლიურ ენაზე სწავლებას გულისხმობდა. გოგებაშვილმა ჩვენში პირველმა წამოაყენა აღმზრდელობითი სწავლების იდეა, ხოლო სწავლების პრინციპებად - შეგნებულობა და აქტიურობა, სისტემატურობა და თანამიმდევრობა, მისაწვდომობა და თვალსაჩინოება. აღსანიშნავია გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოები. "ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის" (1865), "ბუნების კარი" (1868), "დედა ენა" (1876), "რუსკოე სლოვო" (1887), რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში და რომელთა პრინციპზეა შედგენილი ქართული სკოლების დაწყებითი კლასებში მოქმედი ქართული და რუსული ენის სახელმძღვანელოები.
გოგებაშვილი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის. იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ცალკეულ საზოგადო მოღვაწეებს, პოეტებს, მწერლებს და სხვება, სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. სიკვდილის წინ მან მთელი თავისი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.
1940 წელს აღინიშნა გოგებაშვილის დაბადების 100 წლის იუბილე. გოგებაშვილის ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს. 1976 ჩატარდა „დედა ენის" 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა" და „ბუნების კარის" აღდგენილი გამოცემები.