ENG / RUS

კახა ასლანიშვილი: საგადასახადო სისტემა ბიზნესის განვითარების წახალისებას ვერ ახდენს

რესპოდენტის შესახებ

ექსპერტის სამართლის საკითხებში, კახა ასლანიშვილის აზრით, მთავრობა ლიბერალურ მიდგომას ცვლის. ექსპერტი მთავრობას გადასახადების შემცირებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ხისტი მიდგომის ნაცვლად, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ლიბერალური მიდგომა უკეთესია.

- ბატონო კახა, როდესაც ქვეყანაში საგადასახადო რეფორმა დაიწყო ხელისუფლება აცხადებდა, რომ გადამხდელების მიმართ ლიბერალური მიდგომა არ შეიცვლებოდა. გაგახსენებთ სალარო აპარატებთან მიმართებაში ატეხილ აჟიოტაჟს. მაშინ ხელისუფლებამ მეწარმეებს უთხრა, რომ პირველადი დარღვევისთვის ისინი არ დაისჯებოდნენ, თუმცა დღეს პარლამენტში შესული კანონპროექტით ყველაფერი იცვლება. როგორია ამ საკითხთან მიმართებაში თქვენი შეფასებები და მიგაჩნიათ თუ არა, რომ საგადასახადომ მეწარმეები "მოატყუა"?

- მართლა არ მახსოვს, მსგავსი განცხადებები ვინ გააკეთა. ჩემი აზრით, საუბარია გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე. თუ ლიბერალურ მიდგომებზე გვაქვს საუბარი, ლიბერალური მიდგომა საერთოდ არ არის, რომ მეწარმე პირველსავე შემთხვევაზე დააჯარიმო. ლიბერალური მიდგომა გულისხმობს იმას, რომ პირველი დარღვევა იყოს განხილული როგორც წინაპირობა იმისა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სანქცია იყოს გამოყენებული. სასურველია, შემოსავლების სამსახურის მიერ პირველ შეტყობას, რომ გადამხდელი არღვევს "საგადასახადო კოდექსით" დადგენილ ნორმას, ჰქონდეს გამაფრთხილებელი ხასიათი.

თქვენ მიერ დასახელებულ მაგალითს ლიბერალურად ნამდვილად ვერ მივიჩნევთ. ზოგადად, ბოლო პერიოდში "საგადასახადო კოდექსით" ბევრი რამ გამკაცრდა, მაშინ, როდესაც საპირისპირო იყო თავიდან გაცხადებული.

- რატომ შეცვალა ხელისუფლებამ კურსი? თავიდან ხელისუფლება აცხადებდა, რომ ლიბერალიზმი კარგია და ამ მიმართულებით სათანადო ნაბიჯებიც გადადგა.

- სახელმწიფო დარწმუნდა, რომ საგადასახადო სისტემის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მკაცრი მიდგომების შემოღება. კურსი ყოველთვის იცვლება. მიზანშეწონილობის პრინციპიდან გამომდინარე, სახელმწიფო არჩევს, რომ მკაცრი ზომებით მოახდინოს ბიუჯეტში თანხების აკუმულირება.

- თუმცა თავის დროზე, როდესაც სახელმწიფომ ლიბერალიზმს მიანიჭა უპირატესობა, აცხადებდა, რომ ლიბერალური მიდგომა ბიზნესს უფრო წაახალისებდა და რა მოხდა ამ გარდამავალ პერიოდში, ბიზნესს ლიბერალიზმი აღარ სჭირდება?

- საგადასახადო ადმინისტრირება ისეთი საკითხია, სადაც ყოველთვის დგება მიზანშეწონილობის საკითხი და შესაბამისად, მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, კონკრეტულ მოცემულობაში, სახელმწიფო ყოველთვის ცდილობს, მიიღოს მაქსიმალური ეფექტი - იქნება ეს ლიბერალური მიდგომა თუ მკაცრი ადმინისტრირება.

მოცემულ ეტაპზე სახელმწიფო, როგორც ჩანს, დარწმუნდა იმაში, რომ აუცილებელია თანხების აკუმულირება ეფექტურად და ამას უკეთ მკაცრი და ხისტი მიდგომა მოემსახურება. თუმცა, ჩემი აზრით, ლიბერალური მიდგომა გაცილებით უკეთესია, გადამხდელს უნდა ჰქონდეს ინიციატივა იმისა, რომ გადაიხადოს გადასახადი და გააგრძელოს საქმიანობა. გადამხდელი არ უნდა ფიქრობდეს, რომ თანხა, რომელსაც ის იხდის, არის დაკარგული. საგადასახადო პოლიტიკაში გარკვეული მიდგომებია გადასახედი.

- თქვენი აზრით, დღეს რა პრობლემები დგას გადასახადის ამკრეფსა და გადამხდელს შორის?

- ყველაზე დიდი პრობლემა არის საგადასახადო კოდექსის ბუნდოვანება. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ეს ბუნდოვანება უნდა აღმოიფხვრას, რადგანაც ორი, სამი და მეტი კუთხით შეიძლება გაიგო ესა თუ ის ნორმა. "საგადასახადო კოდექსი" გაჯერებულია ეკონომიკური ტერმინებით, რომელიც ეკონომიკის თეორიაში და მაკრო- და მიკროეკონომიკაში გარკვეული ადამიანისთვისაც კი გაუგებარია. მე მქონდა იმის ბედნიერება, რომ მაკროეკონომიკა მესწავლა. ის ცნებები, რომლითაც "საგადასახადო კოდექსი" გვესაუბრება, იძლევა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც სხვადასხვაგვარად გაგების შესაძლებლობას და, აქედან გამომდინარე, გადამხდელის მანიპულირება ძალიან ადვილია.

- ხელისუფლებამ ლიზინგის ახალ კანონმდებლობაზე მუშაობა დაასრულა, რომელიც სალიზინგო მომსახურების დაბეგვრის გამარტივებას ითვალისწინებს. გაეცანით თუ არა ამ პროექტს და რეალურად მოხდება თუ არა სალიზინგო ბიზნესის წახალისება?

- კი, ნამდვილად წაახალისებს და ეს ცვლილება ნამდვილად პოზიტიურია. სამედიცინო დაწესებულებებსა და ბევრ სხვა ტიპის საწარმოს, რომელსაც არ აქვს საშუალება, რომ იყიდოს ძირითადი საშუალებები, ურჩევნია, ლიზინგი გამოიყენოს. ახალი კანონმდებლობით, ის აღარ დაიბეგრება და ეს მისასალმებელი ფაქტია.

- რაც შეეხება საბაჟო საწყობების რეორგანიზაციის თემას: ახალი კანონმდებლობით მნიშვნელოვნად მარტივდება სასაწყობო მეურნეობის შექმნისა და ფუნქციონირების პირობები და პრინციპები, რაც მთავრობის გათვლებით კომპანიებს საქართველოში შემოტანილი ტვირთის დასაწყობებაში და მის შემდგომ რეექსპორტში შეუწყობს ხელს. თქვენი აზრით, რეალურად მოხდება თუ არა ამ მიმართულებით ბიზნესის წახალისება?

- რეექსპორტს როდესაც ახორციელებს კომპანია, ის არ შეიძლება მოგებით დაბეგრო იმგვარადვე, როგორც ბეგრავ ნებისმიერ მიწოდებას. ლიზინგთან და საბაჟო საწყობთან დაკავშირებულ საკითხებს პოზიტიურად ვაფასებ.

- ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირე აქციონერების უფლებები ირღვევა, ექსპერტების აზრით კი, ამ დარღვევებს კანონმდებლობაც უწყობს ხელს. თქვენი აზრით, რა უნდა შეიცვალოს?

- შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არ არის ასე. აქციათა რაოდენობაზე დამოკიდებული არ არის აქციონერის ანუ პარტნიორის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელება. აქციების რაოდენობაზე არ არის დამოკიდებული პარტნიორის მიერ საკუთარი უფლებების განხორციელება. ნებისმიერ შემთხვევაში, აქციონერმა უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად წესებისა და კანონმდებლობისა, მას შეუძლია ხელშეკრულება დადოს ცალკე, დაიცვას თავისი უფლებები და საკუთარი აქციების რაოდენობის მიხედვით მაინც გარანტირებული იყოს მის მიერ მართვაში მონაწილეობა და, იმავე დროს, კონტროლის უფლება მენეჯმენტზე.

- რამდენად ასახავს Doing Business -ით არსებული წარმატებები რეალურად არსებულ ვითარებას, რა პლუსები აქვს ქართულ საგადასახადო სისტემას და რა მიგაჩნიათ მთავარ პრობლემად?

- საგადადასახადო სისტემა ისეთი რამ არის, რასაც შეუძლია ქვეყნის ცხოვრება განსაზღვროს და ბიზნესის ტიპობრივი განვითარების მიზნები დასახოს. ჩემი აზრით, საგადასახადო სისტემა ბიზნესის განვითარების წახალისებას ვერ ახდენს. ერთია პროცედურული სიმარტივე, მაგრამ აუცილებელია, საწარმოს მიერ აღებული სესხი და მისგან მიღებული სარგებელი ყველაზე დაბალი გადასახადით იბეგრებოდეს, რათა მოხდეს თანხების მოზიდვა და კვლავ წარმოებაში ჩაბრუნება. განაკვეთები ძალიან მაღალია. ჩემი აზრით, რამდენიმე გადასახადის შემცირება შესაძლებელია.

- უფრო კონკრეტულად: რომელი გადასახადების შემცირება მიგაჩნიათ პირველ ყოვლისა მიზანშეწონილად?

- ჩემი აზრით, დღგ-ის გადასახადი მაღალია. მაღალია მოგების გადასახადიც. საშემოსავლო გადასახადი ნამდვილად მაღალია და ფიზიკური პირებისათვის ძნელია 20 %-იან განაკვეთში მოხვედრა.

_ თუმცა ეკონომიკური აქტი ამ გადასახადების დაწევას ეტაპობრივად ითვალისწინებს...

- ითვალისიწინებს, მაგრამ არ ხდება და მუდმივად ვადდება ამ გადასახადების შემცირება.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ეკა მომცელიძე

ავტორი: . .