ENG / RUS

მამუკა არეშიძე: ხელისუფლებას ივანიშვილის ეშინია

რესპოდენტის შესახებ

ბიძინა ივანიშვილმა "როიტერისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველო-რუსეთს შორის ურიერთობის შესახებაც ისაუბრა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, სწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში შესაძლებელია ინტერესების თანხვედრა ორ ქვეყანას შორის. თუ რა ნაბიჯებს გულისხმობდა ივანიშვილი და ასევე მის პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილების შესაფასებლად, "ჯი-ეიჩ-ენი" ექსპერტს კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძეს დაუკავშირდა.

- ბიძინა ივანიშვილმა "როიტერთან" საუბრისას განაცხადა, რომ "შესაძლოა, რუსეთთან ინტერესების თანხვედრასაც მივაღწიოთ იმ შემთხვევაში, თუ სწორ ნაბიჯებს გადავდგამთ". როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობდა ივანიშვილი "სწორ ნაბიჯებში"?

- არ ვიცი, რას გულისხმობდა, მაგრამ ისეთი ნაბიჯები რომ არის გადასადგმელი, რომ ჩვენი ინტერესები დავიცვათ და ასევე გავითვალისწინოთ მთლიანად რეგიონის მდგომარეობა, ეს ჩემთვის არახალია და ძალიან კარგი იქნება თუ ამ მიმართულებით ვივლით. მაგრამ რას გულისხმობდა რუსული ინტერესების დაბალანსებაში თუ თანხვედრაში, ნამდვილად ვერ გეტყვით. ჩემთვის ეს მოიაზრება იმაში, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილი იყოს, მაგრამ რუსეთისთვის ძირითადი წყარო რაც არის სამხრეთ კავკასიაში, ეს წყარო იყოს ლიკვიდირებული.

- ივანიშვილმა ორი განცხადება გააკეთა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების საზოგადოებისთვის გაცნობის შემდეგ. როგორ შეაფასებთ მის ამ განცხადებებს?

- შევაფასებ, როგორც ძალიან გონიერ განცხადებებს, რომელშიც იგრძნობა ძალა და რომლის უკან იგრძობა სერიოზული რესურსი. ეს რესურსი არ არის მხოლოდ ფინანსური. ეს რესურსი არის, ფინანსურის გარდა, ასე ვთქვათ, კავშირების თვალსაზრისით რესურსი, მისი გაკეთებული საქმეების რესურსი. კავშირებს ვგულისხმობ იმ მსოფლიო საფინანსო ეკონომიკურ წრეებთან, რომლებიც ქმნიან არა მხოლოდ ეკონომიკას, არამედ პოლიტიკასაც.

- მან ხელისუფლებაში მოსვლის პირობა დადო და ქვეყნის სათავეში მოსასვლელ გზად საპარლამენტო არჩევნები დაასახელა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ აქამდე ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ ვერ მოახერხა ამჟამინდელი ხელისუფლების დამარცხება ვერც არჩევნებით და ვერც საპროტესტო აქციებით. ივანიშვილი როგორ შეძლებს ამას?

- როდესაც კარგად გავაანალიზე ის პროცესები, რომელიც მიმდინარეობს, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ივანიშვილის მოსვლა პოლიტიკაში სპონტანური არ არის. არც ის არ არის სპონტანური, რომ სარკოზის ვიზიტს დაამთხვია განცხადება. ვფიქრობ, ამისთვის სულ მცირე ერთ წელიწადს მაინც ემზადებოდა. აქედან გამომდინარე, ასე მგონია, რომ მან გააანალიზა თავისი წინამორბედის შეცდომები და საერთაშორისო თვალსაზრისით გარკვეულწილად საქმე მოაგვარა. ის შეცდომები, რაც ჰქონდა ბადრის, რამაც განაპირობა მისი გაწირვა და მარტო დარჩენა საერთაშორისო თანამეგობრობის თვალსაზრისით, მგონია, რომ ივანიშვილს გათვალისწინებული აქვს. უნდა ითქვას, რომ დასავლური მედიის მხრიდან პოზიტიურად იქნა შეფასებული ივანიშვილის გამოჩენა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. ეს მოწმობს იმას, რომ დასავლეთში კონკრეტული ადამიანებისთვის მისი დემარში მოულოდნელი არ ყოფილა.

- ხელისუფლება კი მის პოლიტიკაში მოსვლას რუსულ ძალებს უკავშირებს. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა შესაძლებლობა იმისა, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში გადაწყვეტილების უკან რუსული კვალი და კრემლის თამაში იყოს?

- ხელისუფლების ლაპარაკი, რომ ამ ყველაფრის უკან რუსული ფული და რუსეთი დგას, არის კონტრპროდუქტიული. ივანიშვილი, როდესაც მოვიდა პოლიტიკაში, თანამშრომლობა სთხოვა პროდასავლურ პარტიებს, განსაკუთრებით ალასანიას, რომელიც პროამერიკულ ძალად მიიჩნევა ქართულ პოლიტიკაში. ე.ი. რა გამოდის ხელისუფლების ლოგიკით, რომ რუსებმა, ამერიკელებმა და ევროპელებმა ერთად მოილაპარაკეს დღევანდელი მმართველი პარტიის წინააღმდეგ? ამიტომ, კონტროპროდუქტიულია მათი ლაპარაკი, რომ ეს არის რუსული პროექტი. ასეთი მასშტაბის ფიგურები, როგორც წესი, ერთი ქვეყნის პროდუქტები ვერ იქნებიან. მის უკან საერთაშორისო ძალისხმევა უნდა მოვიაზროთ, თუ არის ასეთი რამ საერთოდ. ჩემი აზრით, ან ბატონი ივანიშვილი მარტო მოქმედებს ვინმესთან ყოველგვარი შეთანხმების გარეშე, ან სერიოზული საერთაშორისო ნააზრევი დგას მის უკან.

- რამდენად სწორად შეარჩია ივანიშვილმა თანამშრომლობისთვის პოლიტიკური ძალები?

- ვისთანაც კავშირი დაამყარა, დარწმუნებული ვარ, ეს არ არის სპონტანური არჩევანი. ეს არის არჩევანი იმ ლოგიკით, რომ ორივე ძალა ღიად პროდასავლურია და არ არის შემჩნეული არავისთან თანამშრომლობაში. ისინი სპეციალურად იყვნენ შერჩეულები და არა მარტო იმ თვისებების გამო, რომელიც ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და ლიდერებს აქვთ. ეს პირველ რიგში მოწმობს, რომ ტაქტიკური სვლა არის ორიენტირებული სტრატეგიულ შედეგზე. გუნდის დანარჩენი წევრების შესახებ, რომლებმაც უნდა შეადგინონ ივანიშვილის პარტია, არაფერი ვიცი. რაც მოვისმინე - რომ მრჩეველთა საბჭოს წევრები შეიძლება იყვნენ რატი ამაღლობელი და ირაკლი სესიაშვილი - ჩემთვის აბსლოტურად მისაღებია. ორივეს წესიერ ადამიანებად მივიჩნევ.

- ამ დროისთვის ივანიშვილი არ ასახელებს, რომელ გეოპოლიტიკურ კურსს აირჩევს. თქვენ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ივანიშვილი რა კურსს აირჩევს?

- ამ დროისთვის ასეთ კითხვებს ნუ დავსვამთ. არც ერთი მაინტერესებს და არც მეორე. აქ მთავარია ლაპარაკი პროქართულ კურსზე. როდესაც განცხადებებზე ვსაუბრობთ, ჩემთვის მნიშვნელოვანი განცხადებები კი არა, პროგრამაა. ველოდები პროგრამას. ჯერჯერობით პოზიტიური შეფასებაა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის ფაქტის მიმართ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ ველოდებით მის პროგრამას და გვაქვს ბავშვური აღფრთოვანება, რომ გამოჩნდა ძლიერი ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. ველოდებით მის პროგრამას, პროგრამულ ნაბიჯებს, ველოდებით იმასაც, რა კონკრეტული აზრები აქვს არა მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რა უნდა გაკეთდეს, არამედ - როგორ უნდა გაკეთდეს. პირველ შეკითხვას რომ დავუბრუნდეთ. რუსეთთან ურთიერთობა მის პლატფორმასა თუ პროგრამაში საკვანძო ნაბიჯი იქნება და ძალიან კარგად იცის, რომ ყველა მოლოდინით უყურებს მაინცდამაინც ამ ნაბიჯს. აბსოლუტურად ლოგიკურია ეს, რადგან ამ თემაზე მიბმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საქართველოს უსაფრთხოების სისტემა. ძალიან გვაინტერესებს ყველას და სულმოუთქმელად ველოდებით. როდესაც გახდება ნათელი რა და როგორ, მერე შეიძლება ფართომასშტაბიანი მსჯელობა.

- რა აზრის ხართ, რატომ ჩამოართვა საქართველოს ხელისუფლებამ ივანიშვილს მოქალაქეობა?

- შიშის გარდა, ამას სხვა არაფერი შეიძლება დაერქვას. ჩამორთმევის შემდეგ იურისტებთან საუბრისას გავარკვიე, რომ იმდენი პროცედურული საკითხი იქნა დარღვეული, რომ უბრალოდ თავის მომჭრელია. მის მეუღლესთან დაკავშირებით რაც ხდება, ეს, უბრალოდ, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. იქ ფორმალური მისადავებელიც კი არაფერი არ იყო. ამ ქალბატონს იმიტომ ჩამოართვეს მოქალაქეობა, რომ მისთვის პოლიტიკური ორგანიზაციის დაფინანსების საშუალება მოესპოთ. ხომ შეიძლება მეუღლის საშუალებით დაეფინანსებინა ივანიშვილს თავისი პოლიტიკური მოძრაობა... მთლიანობაში, ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის შიშიდან გამომდინარე.

"ჯი-ეიჩ-ენი". ალექსანდრე ნაბახტეველი

ავტორი: . .