13-16 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსა და ამერიკის საერთაშორისო სააგენტოს (USAID)-ის ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის პროექტის (EPI) მოწვევით საქართველოს ესტუმრებიან თურქეთის საფეიქრო ინდუსტრიაში მოღვაწე წამყვანი კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები თურქეთის ტანსაცმლის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტის ჩემ ნეგრინის ხელმძღვანელობით. თურქეთის ტანსაცმლის მწარმოებელთა ასოციაცია აერთიანებს 400 წამყვან საფეიქრო კომპანიას და უმსხვილესია ქვეყნის მასშტაბით.
თურქული კომპანიების ვიზიტი ხორციელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პატრონაჟით საქართველოს მოდის კვირეულის ფარგლებში. 13 ოქტომბერს 10:30 საათზე სამინისტროს შენობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მოხდება საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და კონკრეტულად საფეიქრო ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობების პრეზენტაცია. მოგვიანებით თურქეთის წამომადგენლები ეწვევიან კომპანია "ELSELEMA"-ს ქ. თბილისში და დაათვალიერებენ სამკერვალო ფაბრიკას.
საქართველოს ეწვევიან ცნობილი თურქული კომპანიების Koton, Seleksiyon Tekstil, Negreti Tekstil, Ogretmen Corap (PENTI), STFA, Istanbul აღმასრულებელი დირექტორები. აღნიშნული კომპანიები ტანსაცმელს მსოფლიოში ცნობილი ისეთი საერთაშორისო ბრენდებისთვის კერავენ, როგორიცაა Roberto CAVALLI, SCERVINO, Zara, Mango, GAP, H & M. აღნიშნული კომპანიები ყოველთვიურად მილიონობით სხვადასხვა ტანსაცმლის პროდუქციას აწარმოებენ.
14-16 ოქტომბერს დაგეგმილია ადგილობრივი სამკერვალო ფაბრიკების მონახულება კერძოდ "BTM Textile"-ის სამკერვალო ფაბრიკა ქ. ბათუმში. დელეგაციის წევრები ასევე მოინახულებენ პოტენციურ საინვესტიციო ადგილებს გურიის რეგიონში.