ეუთოს ასამბლეის ეკონომიკური ფორუმი ბათუმში ჩატარდება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომელიც ქ. დუბროვნიკში გაიმართა, ოფიციალურად დაამტკიცა, რომ 2012 წელს ეუთოს ასამბლეის ეკონომიკური ფორუმი 11-14 მაისს ქ. ბათუმში ჩატარდება. აღნიშნული ფორუმის ძირითადი თემა რეგიონალური ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხები იქნება და მას სავარაუდოდ, ეუთოს წევრი 56 ქვეყნის 200-ზე მეტი დელეგატი დაესწრება.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც ვიცე-სპიკერი გიგი წერეთელი ხელმძღვანელობდა, შეხვედრები გამართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან პეტროს ეფთიმიუსთან და გენერალურ მდივანთან სპენსერ ოლივერთან, აშშ-ის, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანის, მალტის, შვედეთის და სხვა საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებთან. შეხვედრების ძირითად თემას სწორედ ბათუმში დაგეგმილი ეუთოს ფორუმის საორგანიზაციო საკითხები წარმოადგენდა. ასევე ისაუბრეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების, მომავალი არჩევნების შესახებ.
საქართველოს დელეგაცია შეხვდა ეუთოს საპატიო პრეზიდენტს, ამჟამად ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ჟოაო სოარესს. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოს სოარესი ეწვევა საქართველოს, რათა ადგილზე გაეცნოს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.