Google-ის საძიებო სისტემაში საქართველოს შესახებ სივრცობრივი მონაცემები განთავსდა. Google Map-ზე საქართველოზე დეტალური ინფორმაციის მოძიება ახლა უკვე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია.
ამ დროისთვის ვებ-გვერდზე უკვე დევს ინფორმაცია საქართველოს დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზებისა და სარკინიგზო მაგისტრალების შესახებ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამ ფაქტთან დაკავშირებით მედიისთვის კომენტარი გააკეთა. ვერა ქობალიას ინფორმაციით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსა და კერძო სექტორთან ერთად ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ამ საკითხზე.
"მთელ მსოფლიოში 100 მილიონზე მეტი ადამიანი იყენებს ამ რუკას არამარტო კომპიუტერების, არამედ მობილური ტელეფონების საშუალებითაც. და როდესაც ტურისტები ჩამოდიან ახალ ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სერვისი ჰქონდეთ. ეს ცნობები ჩვენი ქვეყნის თაობაზე იქნება განახლებადი და ნებისმიერი სიახლე მალევე აისახება აღნიშნულ ვებ-გვერდზე. ასე რომ, უცხოელი ტურისტების გარდა ჩვენ გვაქვს საშუალება, თავადაც გამოვიყენოთ ასეთი მნიშვნელოვანი სერვისი" - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ.