დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში შესაძლოა სასწავლო პროცესი ჩაიშალოს. მასწავლებლებმა სკოლის შენობაში 2 დღეში 3 გველი მოკლეს. რამდენიმე დღის წინ, მე-6 კლასის მოსწავლეს გაკვეთილზე, ფეხზე გველი შემოეხვია. ათობით მშობელი ბავშვებს სკოლაში აღარ უშვებს.
„გაკვეთილის დროს შავი ფერის გველი ჩემს შვილს ფეხზე შემოეხვია. სკოლის შენობა ძველია. იატაკი რამდენიმე ადგილზე დაზიანებულია და ქვეწარმავლები ალბათ იქიდან ამოდიან. 2 დღეში 3 გველი მოკლეს. მარტო სკოლის კედლებს, რომ ათეთრებენ, იატაკი გააკეთონ, რომ გველები ვეღარ ამოვიდნენ. ბავშვები შეშინებულები არიან და საკლასო ოთახში შესვლის ეშინიათ. სანამ ვინმეს არ დაკბენს, მანამდე ყურადღებას ალბათ არ მოგვაქცევენ", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა დალი ცეცხლაძემ.
სამთაწყაროს მაცხოვრებლები სკოლის შენობაში უსაფრთხოების ზომემის გატარებას ითხოვენ.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი სამთაწყაროს საჯარო სკოლის დირექტორთან ვარლამ თაგოშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.
დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსმა მარინე მეხრიშვილმა კი აღნიშნა, რომ სამთაწყაროს სკოლის შენობაში გველების მოკვლისა და იმის შესახებ, რომ საკლასო ოთახში ბავშვს ფეხზე გველი შემოეხვია, არაფერი იცის. „დირექტორს გუშინ შევხვდი, მაგრამ არაფერი უთქვამს", - განაცხადა მეხრიშვილმა.