არანაირი სამხედრო პოტენციალის ესკალაციას საქართველო ცეცხლის ხაზთან სიახლოვეში არ აწარმოებს. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ განაცხადა.
„არანაირი სამხედრო პოტენციალის ესკალაციას საქართველო ცეცხლის ხაზთან სიახლოვეში არ აწარმოებს და რაც მთავარია, საქართველო მჭიდრო თანამშრომლობაში იმყოფება ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან, რომლის მთავარი ფუნქცია არის, სწორედ ის, რომ აწარმოოს მონიტორინგი ყველანაირ სამხედრო გადაადგილებასა თუ განვითარებასთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა ეს მისია მსგავს არანაირ ფაქტს არ აღნიშნავს. ეს მარტივად მეტყველებს იმაზე, რომ ბატონმა კარასინმა არასწორი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია", - განაცხადა ვაშაკიძემ.
მისი თქმით, რუსული სამხედრო ძალები, რომლებიც განლაგებულნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სამწუხაროდ არანაირ ტრანსპარენტულობას არ ექვემდებარება ამ მისიის მხრიდან.
„ამდენად, ყველა ეს საყვედური კარასინმა საკუთარი სახელმწიფოს ქმედებებისკენ უნდა მიმართოს", - დასძინა ვაშაკიძემ.
თბილისი აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრებთან აგრძელებს სამხედრო ძალისა და ტექნიკის მობილიზებას. ასევე ახდენს დივერსიულ-დაზვერვითი ჯგუფების შეგზავნას ამ ტერიტორიებზე სიტუაციის დესტაბილიზების მიზნით. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მოლაპარაკებებზე რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა ჟენევის მოლაპარაკებათა მე 17 რაუნდის კომენტირებისას გააკეთა.