გერმანიაში ქართული ღვინოების "წინანდალისა" და "ქინძმარაულის" ფალსიფიცირების ფაქტები გამოვლინდა. "საქპატენტის" თავმჯდომარის, ირაკლი ღვალაძის თქმით, გერმანიაში "წინანდალსა" და "ქინძმარაულს" კომპანია "მოსქოვ ვაინს ენდ სპირითსი" ასხავს, რომლის წინააღმდეგაც ქართულმა მხარემ სარჩელი უკვე შეიტანა.
"ჩვენ სამართლებრივად გვაქვს ყველა მექანიზმი და ბერკეტი იმისათვის, რომ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მოვახდინოთ. დაფიქსირდა "წინანდალისა" და "ქინძმარაულის" გამოყენება, ანუ გერმანულ კომპანია "მოსქოვ ვაინს ენდ სპირითს" ქონდა ეს ბრენდები რეგისტრირებული. ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ ეს კომპანია მოგვეძებნა და საქმეში ჩვენი საელჩოც იყო ჩართული, თუმც მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და ამიტომ გერმანიის საპატენტო უწყებაში ოფიციალურად შევიტანეთ სარჩელი. ქართული მხარე აუცილებლად დაიბრუნებს საკუთარ ბრენდებს, როგორც ეს აშშ-ში მოხდა", - განაცხადა ირაკლი ღვალაძემ.
მისივე თქმით, ქართულ მხარეს ყველა სამართლერივი საფუძველი აქვს იმისათვის, რომ ამ საკითხებზე იდაოს.