საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბალნეოლოგიურ კურორტ ბახმაროს გასავითარებლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილს დავალებები მისცა. პრეზიდენტის თქმით, აუცილებელია ინფრასტრუქტურის განვითარება, რათა მოხდეს ინვესტორების მოზიდვა და კურორტის განვითარება.
"პირველი დავალების არის, რომ აუცილებლად უნდა დავაყენოთ ქარის შემსწავლელი აპარატი. მეორე დავალება ის არის, რომ უნდა გაკეთდეს მონახაზი თუ სად აშენდება სასტუმროები. უნდა შევხვდეთ ინვესტორებს და გაზაფხულზე, რომ დავიწყოთ ერთი ან ორი სასტუმროს მშენებლობა. მესამე დავალება კი არის, რომ მოწესრიგდეს შიდა ინფრასტრუქტურა. გავაკეთოთ წყალი და კანალიზაცია. ამისთვის უნდა შევადგინოთ გეგმა. გურიაშიც გაჩნდება ძალიან მაგარი მთის კურორტი. ეს არის მთლიანად გურიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა პრეზიდენტმა ბახმაროში მინისტრებთან საუბრისას.
რამაზ ნიკოლაიშვილის თმით, კი სამუშაოები სავარაუდოდ მომავალი წლისთვის დასრულდება.
"ჩვენ ვმუშაობთ ბახმაროს განვითარებაზე. ამისთვის აუცილებელია ინფრასტრუქტურა. გზის დიდი ნაწილი უკვე გაკეთებულია. წყლის საკითხისა და ელექტროფიკაციის საკითხზეც მიდის მუშაობა. მომდევნო წლისთვის სავარაუდოდ დავასრულებთ სამუშაოებს", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
ვერა ქობალია კი მიიჩნევს, რომ ტურიზმის სექტორის განვითარება საქართველოს ყველა რეგიონში არის აუცილებელი.
"ტურიზმის სექტორი ეს არის ყველაზე ზრდადი სექტორი საქართველოში. ეს არის სექტორი სადაც ძალიან დიდი საშუალება არის, რომ ბევრი ადამიანი დასაქმდეს. მნიშვნელოვანია, რომ ამ სექტორის განვითარება მოხდეს არამარტო ზღვისპირა რეგიონებში, კახეთსა და თბილისში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში. ბახმარო საინტერესო კურორტია და მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.