"მეშინია ჩემი ფოტოები მტკვარში არ გადაცვივდეს", - თქვა "ჯი-ეიჩ-ენთან" ფოტოგრაფმა ირმა შარიქაძემ. "ცის თაღი გვირგვინად" ასე ქვია გამოფენას, რომელიც დღეს მშვიდობის ხიდზე გაიხსნა.
"ეს არის ორიგინალური იდეა, რომელიც თბილისობის დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო. იქიდან გამომდინარე, რომ ხიდზე აქტიურად მოძრაობს ხალხი, ეს საშუალებას აძლევს საზოგადოებას, რომ იხილოს ჩემი ნამუშევრები. სივიწროვეა, თუმცა მიზანი ამართლებს საშუალებას, რადგან ხალხი დიდი ცნობიმოყვარეობით ათვალიერებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ფოტოხელოვანმა.
გადაღებები სამი თვის მანძილზე სვანეთში, თუშეთში, შატილში, ყაზბეგში, თელავში, საგარეჯოსა და გურიაში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო გადაღება 5 დღის წინ დამთავრდა.
ირმა შარიქაძის ფოტოობიექტივში მოდელები, მსახიობი და სუხიშვილების მოცეკვავეები მოხვდნენ.
ცნობისთვის, გამოფენა კულტურის სამინისტროს საკუთრებაა და ეს ნამუშევრები ტირაჟირებული არ იქნება.
ოფიციალური გამოფენა ხვალ, 9 ოქტომბერს, 18.00 საათზე, "გალერეა 9"-ში გადაინაცვლებს, რომელიც, გუდიაშვილის ქ. N9-ში მდებარეობს.