ეს იყო ძალიან ძლიერი, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოსვლა ჩვენი ქვეყნისთვის. ასე შეაფასა ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მიერ თავისუფლების მოედანზე წარმოთქმული სიტყვის პოლიტიკური მნიშვნელობა.
ვიცე-პრემიერმა, საფრანგეთის პრეზიდენტის სიტყვაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი გამოყო და განაცხადა: "უპირველეს ყოვლისა მან თქვა, რომ ჩვენ ვართ თავისუფალ ქვეყანაში, ჩვენ ვართ ქვეყანაში, რომელსაც აქვს ევროპული ტრადიციები, ევროპული ისტორია და მე ვარ ევროპაში", _ განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
მისივე თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ამ სიტყვების თქმით, ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს მომავალი არის მჭიდროდ დაკავშირებული ევროკავშირთან, რადგან ჩვენ ვართ ევროპელები.
"ასევე მან ხაზი გაუსვა, რომ ჩვენმა მეზობელმა რუსეთმა, რომელიც მისდევს ამ ექსკლუზიური გავლენის სფეროების პოლიტიკას უნდა დაანებოს თავი ამას, რომ საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და აღარავინ აღარ აპირებს ცნოს რაიმე პრეტენზიები ამ ექსკლუზიური გავლენის სფეროების ჩარჩოებში", _ განაცხადა გიორგი ბარამიზემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სარკოზის გამოსვლაში იყო მისი სიტყვები იმის შესახებ, რომ საქართველო უნდა გამთლიანდეს.
"რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დატოვოს ის ტერიტორიები, რომლებიც მას ამჟამად მას აქვს დაკავებული, შესაბამისად იმ შეთანხმებისა, რომლის მთავარი მედიატორი იყო სწორედ პრეზიდენტი სარკოზი. მან თქვა, რომ მე ვიღებ ამ ვალდებულებას, მე ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას ამ ხელშეკრულების შესრულებაზე", _ განაცხადა გიორგი ბარამიძემ