"ეს იყო დიდი შეცდომა რაც ივანიშილმა დღეს ამ განცხადებით გააკეთა. არ მინდა რაიმე მკვეთრი განცხადება გავაკეთო მის მიმართ. მირჩვევნია დაველოდო და ვნახო მისი პოლიტიკური სვლები. ბევრს ჰგონია, რომ საქართველოში ობიექტური მედია არ არსებობს. ბატონი, ბიძინა ივანიშვილი თუ დიდ დროს გაატარებს საქართველოში მაშინ მიხვდება, რომ ეს განცხადება არ უნდა გაეკეთებინა „მაესტროს" მიმართ", - განუცხადა „ჯი-ეიჩ-ენს" ტელეკომპანია მაესტროს დამფუძნებელმა, მამუკა ღლონტმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიის შეძენის შესახებ განცხადება გააკეთა.
"შევიძენ ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემების ლიცენზია გააჩნია. იმისათვის, რომ მეპატრონეს (თუკი ასეთი არსებობს სააკაშვილის გარდა) გაყიდვის რეალური ინტერესი გაუჩნდეს, ვთავაზობ შემდეგს:
1. გადავიხდი საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტ თანხას. ღირებულება უნდა შეაფასოს მსოფლიო ბანკის მიერ რეკომენდებული ხუთი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთმა.
2. შეძენიდან მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ, მის დღევანდელ მფლობელს ტელევიზიას დავუბრუნებ სიმბოლურ ფასად _ 1 (ერთ) ლარად. იურიდიულად ეს ვალდებულებები გაფორმდება გაყიდვის კონტრაქტთან ერთად. იმავდროულად გაფორმდება ვალდებულება, რომ ტელევიზიის დღევანდელი ძირითადი საშუალებების ღირებულება, დაბრუნების მომენტში, მინიმუმ 15 პროცენტით იქნება გაზრდილი.
3. ტელევიზიის ახლანდელ მფლობელს უფლება ექნება (ეს გაყიდვის მომენტში გარანტიის სახით აისახება), შეინარჩუნოს საეთერო დროის 50 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ `მაესტროს~ და `კავკასიის~ დღევანდელ მფლობელებს შეეძლებათ, პრაქტიკულად მთლიანად შეინარჩუნონ დღევანდელი გადაცემები (ამ ტელეარხების საეთერო დრო ამჟამად 50 პროცენტითაც კი არ არის დატვირთული).
თუ ჩემს შეთავაზებას არ გამოეხმაურებიან, ამ ტელევიზიების დანიშნულება მართლდება", - აღნიშნულია განცხადებაში.