დღეს, 4 ოქტომბერს, ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი გაიმართება. ქართულ დელეგაციას უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებს.
ჟენევის მოლაპარაკებების ამ რაუნდზე ქართული მხარე სამ ძირითადად საკითხს დააყენებს. ამის შესახებ 3 ოქტომბერს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ განაცხადა.
"საქართველო სამ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას. პირველი საკითხი ეს არის, ოკუირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მექანიზმების არსებობის აუცილებლობა. რუსეთის ხისტი პოზიციის გამო არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადგილზე არ იმყოფება და მიგვაჩნია, რომ გაეროს და ეუთოს წარმომადგენლობის აღდგენა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჯალაღანიამ.
მისი თქმით, ქართული მხარე ყურადღებას გაამახვილებს რუსეთის მხრიდან ძალის არ გამოუყენებლობის ვალდებულების აღების საკითხზეც.
"რუსეთმა, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარემ, ძალის არ გამოუყენებლობის ვალდებულება უნდა აიღოს. 2010 წლის 23 ნოემბერს საქართველომ ცალმხრივად აიღო ვალდებულება ძალის არ გამოუენებლობის შესახებ, რასაც რუსეთის მხრიდან საპასუხო რეაქცია არ მოჰყოლია", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
საქართველო ჟენევის მოლაპარაკებებზე იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების საკითხსაც დააყენებს,
"საქართველო მოითხოვს, აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდეს პრინციპული შეთანხმება და ლტოლვილები და იძულებით ადგილნაცვალი პირები საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ", - აღნიშნა ჯალაღანიამ.