"ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო ,,მონიტორინგი" კომპანია ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ იმპორტირებული ბენზინისა (რეგულარი) და დიზელის (ლ-62) საწვავის ხარისხობრივ შემოწმებასა და სერტიფიცირებას აგრძელებს. ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო ,,მონიტორინგის" ხელმძღვანელის ვახტანგ იობაშვილის განცხადებით, "სოკარი" ერთადერთი ნავთობკომპანია, რომელიც სერტიფიცირებას მუდმივად ახორციელებს.
მისივე განმარტებით, რაც შეეხება სინჯების აღებას, ის ხდება როგორც ვაგონ-ცისტერნებიდან, ასევე უშუალოდ ნავთობბაზებიდან. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორივე პროდუქტი შეესაბამება მოქმედ სტანდარტებს.
"სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის" მიერ იმპორტირებული რეგულარის ტიპის ბენზინის შემოწმების შედეგად დადგინდა შემდეგი ფიზიკურ-ეკოლოგიური მახასიათებლები: ოქტანური რიცხვი რეალურად შეადგენს 93.0 - 93,2 ერთეულს (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არანაკლებ 91 ერთეულისა); ტყვიის შემცველობა მასში ფაქტიურად არ არის - 0,0010 - 0.0012 ერთეული (მოქმედი კანონმდებლობით - უნდა იყოს არა უმეტეს 0,013 ერთეულისა); არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი შეადგენს 26 - 36.6 პროცენტს (საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 45 პროცენტისა); ბენზოლის მოცულობითი წილი არის 0.80 - 1.0 პროცენტამდე (მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 5 პროცენტისა); გოგირდის შემცველობა არის 126 -151 ერთეული (მოქმედი კანონმდებლობით უნდა იყოს არა უმეტეს 500 ერთეულისა).
შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროდუქტი საკმაოდ კარგი ხარისხისაა, რაც განპირობებულია მისი ფიზიკურ-ეკოლოგიური მახასიათებლების დადებითი მაჩვენებლებით, განსაკუთრებით კი ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებლის - ოქტანობის მაღალი რიცხვით" - განაცხადა ნავთობპროდუქტების სერტიფიკაციის ორგანო ,,მონიტორინგის" ხელმძღვანელმა ვახტანგ იობაშვილმა.