ქართული აგრარული ბაზრის ლიდერი კომპანია „კარტლის"-ი, ამერიკული კომპანია „დიუპონის" ჯილდოს „ENVIRONMENTAL RESPECT AWARDS"-ის მფლობელი გახდა. კომპანიას ჯილდო პესტიციდების დისტრიბუციის საუკეთესო მენეჯმენტისთვის გადაეცა. დაჯილდოება აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში კაპიტოლიუმის შენობაში შედგა.
ამასთან დაკავშირებით 27 სექტემბერს, სასტუმრო „თბილისი მერიოტში" საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კომპანია „დიუპონის" აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური წარმომადგენლები დაესწრებიან.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, აღნიშნული ჯილდო სხვადასხვა ქვეყნის კომპანიებს ყოველწლიურად გადაეცემათ და აგრარულ სექტორში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ აღიარებას წარმოადგენს, ხოლო ქართული კომპანია ამ მხრივ პირველად დაჯილდოვდა.
„ჯილდო პესტიციდების დისტრიბუციის საუკეთესო მენეჯმენტისთვის მივიღეთ, ეს კი ისეთი მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებას გულისხმობს, რომლებიც ნაკლებად აბინძურებენ გარემოს და არ ვნებენ ადამიანის ჯანმრთელობას. ამავე დროს, ამ ჯილდოს გადაცემისას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ მუშაობისას ეთიკური ნორმების დაცვას, რაც საერთაშორისო ბაზრის ერთ-ერთ განუხრელ სტანდარტს წარმოადენს. ამჟამად საქართველოში სტუმრად იმყოფებიან „დიუპონის" აღმოსავლეთ ევროპის ოფისის წარმომადგენლები, რომლებთანაც ერთობლივი მუშაობის შედეგებს შევაჯამებთ და სამომავლო პერსპექტივებს დავსახავთ," - აცხადებს კომპანია „კარტლის"-ის დირექტორი რობერტ რევია.
კომპანია „დიუპონის" წარმომადგენლების განცხადებით კი, „კარტლის"-ი მათი ერთ-ერთი ყველაზე კარგი და საიმედო პარტნიორია, რაც მათთვის გადაცემული ჯილდოთიც გამოხატა. გარდა პესტიციდებისა, კომპანია „კარტლის" „დიუპონის", ფლობელობაში მყოფ კომპანია „პიონერთან" სიმინდის თესლეულის შესყიდვის მიმართულებითაც წარმატებით თანამშრიომლობს.
„ჩვენ ვმუშაობთ „დიუპონის" სოფლის მეურნეობის განყოფილებასთან და ვეწევით საქართველოსა და სომხეთში მცენარეთა დაცვის საშუალებების დისტრიბუციას. ჩვენი ერთ-ერთი სტუმარი ფერუზა ბაირამოვა „დიუპონის" თურქეთის ოფისს წარმოადგენს, ნელია სტრელბიცკაია კი დიუპონის უკრაინის ოფისში და დსთ-ს ქვეყნების რეგიონალური მენეჯერია. მომავალში ვგეგმავთ აქტივობის გაზრდას და ბაზრის უფრო დიდი წილის დაკავებას. ახალი თანამედროვე პრეპარატებისა და ახალი ჯიშების რეგისტრაციას. სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას და სოფლის მეურნეობის დარგში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, " - აცხადებს რობერტ რევია.
მენეჯნმენტის ინფორმაციით, კომპანია „კარტლის"-ი „დუპონთან" 1999 წლიდან თანამშრომლობს. დუპონი დიდი ქიმიური კორპორაციაა და დაკავებულია სხვადასვა მიმართულების წარმოებით, მათ შორის: პესტიციდები, მასალები ავტოინდუსტრიისათვის, მშენებლობისათვის, ავიაციისათვის და მედიცინისთვის.
კომპანია „კარტლის"-ი (ყოფილი „გარემო და ანალიტიკა") 1997 წელს დაარსდა და მუშაობს სოფლის მეურნეობაში არსებული ყველა მიმართულებით: სათესლე მასალა, სასუქები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, საირიგაციო სისტემები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოება. ამ დროისთვის იგი თანამშრომლობს სოფლის მეურნეობის მიმართულების ისეთ მსოფლიო ბრენდებთან როგორებიცაა: DuPont, Pioneer, Bejo, TimacAgro და Stet Holland. კომპანიას გააჩნია ფერმერთა მომსახურების ცენტრები და სავაჭრო ობიექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მათ შორის: ლაგოდეხში, ბოლნისში, წნორში, გორში, ზუგდიდში და სხვა რაიონულ ცენტრებში.