საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია ლიტვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს ელიგიიუს მასიულისს შეხვდა. მინისტრების შეხვედრა საქართველოში 26-28 სექტემბერს მიმდინარე ლიტვის დელეგაციის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგა.
შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირებიც ესწრებოდნენ. საუბრის მთავარი თემა იყო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტისა და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროებში.
მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ლიტვას შორის ტურისტული კონტაქტების გაღრმავების საკითხი. როგორც ვერა ქობალიამ მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, განხილვის ერთ-ერთი საკითხი ლიტვური მხარის შეთავაზებით ასევე იყო საქართველოს მონაწილეობა სარკინიგზო გადაზიდვების პროექტში "ვიკინგი", რომლითაც შავი და ბალტიის ზღვის პორტები ერთმანეთს უკავშირდება. "ვიკინგის" პროექტში მონაწილეობით გაიზრდება ტვირთბრუნვა საქართველოდან ბალტიის რეგიონის მიმართულებით.
ლიტვის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ქუთაისის აეროპორტის, ბათუმისა და ფოთის საზღვაო პორტების მენეჯმენტის წარმომადგენლებთან.