2011 წლის პირველ კვარტალში აჭარაში სამომხმარებლო ბაზრებსა და სასურსათო ობიექტებზე პირველადი მოთხოვნის სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდა დაფიქსირდა. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 1 კგ პურზე ფასის ნამატმა გასულ წლის დეკემბრის ფასთან შედარებით 0.10 თეთრი შეადგინა (6,25%), შაქარზე - 0.40 თეთრი (19%), მარილზე - 0,10 თეთრი ( 20%), მცენარეულ ზეთზე - 0,30 თეთრი ( 7,69 %), წიწიბურაზე - 0,40 თეთრი ( 11.4%), საქონლის ხორცზე - 2 ლარი (25 %).
სამინისტროში განმარტავენ, რომ საანგარიშო პერიოდში შედარებით სტაბილური იყო საკონდიტრო ნაწარმისა და ხილის ფასები.
სასურსათო პროდუქციის ფასების ზრდა დაკავშირებული იყო მსოფლიოს მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დაბალი მოსავლიანობით, რაც განაპირობა არახელსაყრელმა კლიმატურმა პირობებმა, ასევე სასურსათო პროდუქციაზე გაზრდილმა მოთხოვნამ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტალში, პირველადი მოთხოვნის სასურსათო პროდუქციაზე გაზრდილმა ფასებმა კლება დაიწყო. კერძოდ, 1 ტომარა (50 კგ) უმაღლესი ხარისხის პურის ფქვილის ფასი (58 ლარი) გაიაფდა 10 ლარით (17%) და შეადგინა 48 ლარი, ხოლო 1 ტომარა (50 კგ) შაქრის ფასი (115 ლარი) გაიაფდა 26 ლარით (22%) და 89 ლარი შეადგინა. ფასების კლება განაპირობა ხორბლისა და შაქრის ჭარხლის მწარმოებელ ქვეყნებში აღნიშნული კულტურების კარგმა მოსავლმა.
რეგიონში ხორბლის გადამუშავებას ახორციელებდა 4 წისქვილკომბინატი: შპს ,,იმპერილი-2000", შპს ,,ორცვა", შპს ,,ნაშ-3", შპს ,,ბარაქა-2005". სულ გადამუშავებული იქნა 19 233 ტონა ხორბალი და წარმოებული იქნა 13 881 ტონა უმაღლესი ხარისხის პურის ფქვილი.