დღეს, 24 სექტემბერს, 11:00 საათზე, "ტურიზმის კარიერის კვირეულის" დასასრულს, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე ოფიციალურად გამოაცხადებს "კარიერის დღეს", სადაც დამსწრეთ საშუალება მიეცემათ, პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროდან, საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან, პირადად გაესაუბრონ მათ, დაუტოვონ CV და შემდგომში დასაქმდნენ. ღონისძიება ჩატარდება სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" და მასში მონაწილეობას მიიღებს 40-ზე მეტი კომპანია და უმაღლესი სასწავლებელი. დამსაქმებლებს წარმოადგენენ სასტუმროები, რესტორნები, ტურისტული, სატრანსპორტო და დასაქმების კომპანიები.
"კარიერის კვირეული" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 19 სექტემბერს გახსნეს. ღონისძიების პარტნიორები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასი", კომპანია "Key Management Solutions Georgia" და დასაქმების სააგენტოების ასოციაცია.
პირველი "ტურიზმის კარიერის კვირეული" 19-24 სექტემბერს საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში 19-23 სექტემბერს გაიმართა სხვადასხვა სემინარი CV-ის მომზადების, სამოტივაციო წერილის შედგენისა და ინტერვიუს გავლის შესახებ.
კვირეულის მიზანი იყო დაინტერესებულ პირთა დასაქმების ხელშეწყობა ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში და სერვისის დონის ამაღლება კომპანიებისთვის მაღალკვალიფიციური კადრების უზრუნველყოფით.