მენეჯმენტ კომპანია დექსუსი მობინადრეების წინაშე მიცემულ დანაპირებს ასრულებს და 24 სექტემბერს ქალაქ ბათუმში, საქართველოში ყველაზე დიდ საცხოვრებელ კომპლექსს მაგნოლიას ხსნის. ამიერკავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსის საზეიმო გახსნის ღონისძიება 19 საათზე დაიწყება.საცხოვრებელი კომპლექსი მაგნოლია ბათუმის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ და კულტურულ ცენტრში,სანაპირო ზოლში მდებარეობს. 12 სართულიანი თანამედროვე შენობა ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსია საქართველოში. მაგნოლია 860 ბინასა და 79 კომერციულ ფართს აერთიანებს. სასტუმროს ტიპის კომპლექსი უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი სერვისით: უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით, დაცვის სამსახურით, დასუფთავებითა და 24 საათიანი მომსახურებით ნომერში.
ბათუმის მაგნოლიას მშენებლობა წლების მანძილზე შეჩერებული იყო, კომპანია ცენტრ-პოინტმა 800-ზე მეტი მობინადრის წინაშე აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა და მათ ბინები დაპირებისამებრ 2008 წელს ვერ ჩააბარა, ცენტრ პოინტის ვალდებულებები მენეჯმენტ კომპანია დექსუსმა 2010 წლის სექტემბერში გადაიბარა და უკვე 2010 წლის ოქტომბერში განაახლა მშენებლობა ბათუმის მაგნოლიაში. წელიწადზე ნაკლებ დროში კომპლექსის სრული რეაბილიტაცია მოხდა. მაგნოლიაში მთლიანად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის სისტემა. მოგვარდა შიდა კომუნიკაციების პრობლემა, გაკეთდა სანიაღვრე სისტემა. საერთო ფართები კეთილმოეწყო. დერეფნისა და კიბის უჯრედები მოზაიკით მოპირკეთდა, კომპლექსში 17 ლიფტი დამონტაჟდა, სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგო. ეზოს მოსაპირკეთებელი ფილები გამოიცვალა. ასევე დამონტაჟდა გარე განათების სისტემაც. სამშენებლო სამუშაოები 10 მილიონი ლარი დაჯდა.
ღონისძიება ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი საინფორმაციო სახის პრეზენტაციას დაეთმობა, მოწვეული სტუმრები ბათუმის მაგნოლიას ყველა შესაბამისს სერვისს გაეცნობიან,ხოლო მეორე ნაწილი კი დაეთმობა ავანგარდულ პოპ-ბენდს გერმანიიდან: RazOhara and Odd Orchestra საათნახევრიან მუსიკალურ პროგრამას შესთავაზებს სტუმრებს.
მენეჯმენტ კომპანია დექსუსმა ცენტრ პოინტი მართვაში 2010 წლის სექტემბერში აიღო,რის შემდეგაც დექსუსმა უკვე 12 ობიექტის მშენებლობა განაახლა. სამშენებლო სამუშაოებსა და პროექტების რეაბილიტაციაზე მთლიანობაში 23 მილიონი ლარი დაიხარჯა. 6 პროექტი უკვე დასრულდა და ამ დასრულებული პროექტით ცენტრ-პოინტის 1500 მობინადრე დაკმაყოფილდა. კომპანიის მიერ შემუშავდა ცენტრ-პოინტის რეაბილიტაციის გეგმა. გეგმის მიხედვით, 2013 წლის ბოლომდე ცენტრ პოინტის ყველა მომხმარებელი უნდა დაკმაყოფილდეს.
მასალის გამოყენების პირობები