დღეს, 23 სექტემბერს, 15:00 საათზე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი და საქართველოს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი ალექსანდრე ურუშაძე გორში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონულ ლაბორატორიას გახსნიან. აშშ-ის მთავრობამ გორის რეგიონული ლაბორატორია დაახლოებით 500,000 დოლარით დააფინანსა. გორის ლაბორატორია ლაბორატორიების იმ ქსელის ნაწილია, რომელიც თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ზონურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებს აერთიანებს. ამავე ქსელის ნაწილია თბილისის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორიაც. რეგიონული ლაბორატორიის გახსნას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორი ნატა ავალიანიც დაესწრება.
აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, გორის ლაბორატორია პირველია იმ შვიდ რეგიონულ ლაბორატორიას შორის, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში გაიხსნება. ის მოქალაქეებს დაავადებათა გამოვლენისა და პრევენციის მიზნით მაღალი ხარისხის ლაბორატორიულ კვლევებსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურებას შესთავაზებს. გორის ლაბორატორიის გახსნით, აშშ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამტკიცების საქმეში ეხმარება. 2004 წლიდან დღემდე, აშშ-ისა და საქართველოს მთავრობები აქტიურად თანამშრომლობენ დაავადებათა კონტროლის ეროვნული სისტემის შესაქმნელად.