კონტროლის პალატის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტს 44 მილიონი ლარი „დაუბრუნდა".
ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად კონტროლის პალატის უფროსმა ლევან ბეჟაშვილმა განუცხადა, რომელიც მისი უწყების მიერ 2010 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტს დღეს ანგარიშს წარუდგენს.
„კონტროლის პალატის მიერ ჩატარებული აუდიტების საფუძველზე გაცემული რეკომენდაციების შედეგად, საბიუჯეტო დანაზოგებისა და დაბუნებული თანხების სახით, 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტმა 44 მილიონი ლარი მიიღო", - განმარტა ბეჟაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, მთავრობამ კონტროლის პალატის მიერ გაცემული უკვე 193 რეკომენდაცია გაითვალისწინა.
რაც შეეხება, უწყების მიერ ჩატარებული აუდიტის საფუძველზე გამოვლენილი კანონდარღვევების გამო აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, ბეჟაშვილის თქმით, სულ სახელმწიფო სამსახურში მომუშავე 37 პირის დაკავება მოხდა.
ლევან ბეჟაშვილის ანგარიშს დეპუტატები დღევანდელ სესიაზე მოისმენენ.