აშშ-ში საქართველოს ელჩის, თემურ იაკობაშვილის მტკიცებით, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვაშინგტონი თბილისზე არანაირ ზეწოლას არ ახდენს.
"შეერთებული შტატების პოზიცია არის მარტივი, ის მხარს უჭერს რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას, რადგანაც ეს არის ურთიერთობის უფრო ცივილური ფორმა, მაგრამ არანაირად არ არის საუბარი იმაზე, რომ რუსეთის ამ ორგანიზაციის წევრი აუცილებლად უნდა გახდეს. აშშ-ს აქვს ორი ძალიან მკაფიო პოზიცოა. პირველი - თუ რუსეთს უნდა ორგანიზაციის წევრობა ის თავად უნდა მოელაპაარკოს საქართველოს და შეერთებული შტატები არ აპირებს რუსეთს ჩვენი ქვეყანა ლანგრით მიართვას და მეორე - ამერიკელები მხარს უჭერენ ვმო-ში დამკვიდრებულ კონსენსუსის პრინციპს", - განმარტა იაკობაშვილმა.
ამასთან აშშ-ში საქართველოს ელჩს, გარკვეულწილად, ეჭვი ეპარება იმაში, "ვმო-ში გაწევრიანება რუსეთს საერთოდ უნდა თუ არა". "რუსეთში არის ხალხი ვისაც ვმო-ში გაწევრიანება უნდა, მაგრამ არის ხალხი ვისაც წევრობა არ უნდა. ასეთი ხალხი არის მთავრობაშიც", - აღნიშნა ქართველმა დიპლომტმა.