ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მისიის საქართველოში ვიზიტის მიზანი ქვეყანაში არსზებული ვითარების ადგილზე შესწავლა იქნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა.
"ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს მისიის საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანი იქნება ადგილზე გაეცნონ ვითარებას და დარწმუნდნენ, რამდენად სწრაფად ვითარდება ჩვენი ქვეყანა და რამდენად შეესაბამდება საქართველოს მაკროეკონომიკური ციფრები, რეფორმები, სამხედრო ბიუჯეტი, სამშვიდობო მისიე4ბში ჩვენი მონაწილეობა ნატოს სტრანდარტებს"- განმარტა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, ნოემბერში დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში ჩრდილო ატლანტიკური მისიის მეორე ვიზიტი იქნება. ალიანსის მისია საქართველოს პირველად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ეწვია.
შეგახსენებთ, რომ სასტუმრო "რადისონში" საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა შეხვედრა - ამბასადორიალი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გრიგოლ ვაშაძე გახსნის, რომელიც თავის გამოსვლაში ერთი წლის განმავლობაში დიპლომატიური სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს და შემდგომი მუშაობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრებს. სამი დღის განმავლობაში, მონაწილეები განიხილავენ საქართველოს საგარეო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებს და იმსჯელებენ ქართული დიპლომატიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. ამბასადორიალზე ქართველი დიპლომატების წინაშე სიტყვით წარსდგება ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე აუდრონიუს აჟუბალისი. ამბასადორიალის ფარგლებში, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელებს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს.