აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების პირობებში ტარდება.
ტერაქტის 10-წლისთავთან დაკავშირებით უკვე გააკეთა მიმართვა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ. მისი განცხადებით, ქვეყანა კიდევ უფრო ძლიერია, ვიდრე ტერაქტამდე იყო.
„დღეს, ამერიკის შეერთებული შტატები უფრო ძლიერია, ხოლო ალ-ქაიდა დამარცხების გზაზე დგას. ჩვენ ალ-ქაიდას გავუმართეთ ისეთი ბრძოლა, როგორც არასდროს. ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში, განადგურებულია მისი უფრო მეტი ლიდერი, ვიდრე ტერაქტის შემდგომი პერიოდის ნებისმიერ სხვა დროს. ჩვენი სამხედრო ძალების განსაკუთრებული მამაცობისა და სიზუსტის წყალობით, საბოლოო განაჩენი გამოვუტანეთ ოსამა ბინ ლადენს", - განმარტა ობამამ.
შეგახსენებთ, რომ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში ტერაქტისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიებების უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების პირობებში ჩატარება იმითაა განპირობებული, რომ პენტაგონი "მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების სამზადისის შესახებ" ახალ ინფორმაციას ფლობს.
როგორც ცნობილია, 10 წლის წინ, 2001 წლის 11 სექტემბერს, ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და პენსილვანიაში განხორციელებულ კოორდინირებულ საავიაციო იერიშებს 3 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.