ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში არეულობის შედეგად საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.
ეგვიპტეში საქართველოს კონსულის, გია ჯანჯღავას განცხადებით, საქართველოს ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.
"ქაიროში ამ დროისთვის სიმშვიდეა. გასული ღამეებისგან განსხვავებით იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. საკონსულოსთვის საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მოუმართავს. ისინი უსაფრთხოდ იმყოფებიან და ჩვენ მათთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს", - განმარტა ჯანჯღავამ.
შეგახსენებთ, რომ გვიპტის დედაქალაქ ქაიროში დემონსტრანტებმა ისარელის საელჩო შტურმით აიღეს. შენობაში შეჭრილმა დემონსტრანტებმა დაარბიეს 21 სართულინი შენობა, ჩამოგლიჯეს ისრაელის დროშა და ქუჩაში გადაყარეს სხვადასხვა დოკუმენტები. ისრაელის ელჩმა ეგვიპტეში და მისმა ოჯახმა გაძლიერებული დაცვის თანხლებით დატოვა ეგვიპტის დედაქალაქი და სამხედრო თვიმფრინავით ისაელში დაბრუნდა. თვითმხილველების განცხადებით, საელჩოს შტურმი მას შემდეგ დაიწყო, რაც საპროტესტო აქციებში მონაწილეებმა შეძლეს საელჩოს ირგვლივ არსებული ბეტონის კედლის დანგრევა. "ბი-ბი-სის" ინფორმაციით, დემონსტრანტების ერთი ნაწილი შენობიდან გადმოყრილი დოკუმენტების ფოტოგრაფირებას ახდენდა. ისრაელის საელჩოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დოკუმენტები არავითარ "ფასეულობას" არ წარმოადგენს და ეს იყო ცარიელი ბლანკები და სარეკლამო პროსპექტები. ეგვიპტის სახელმწიფო მედია კი იტყობინება, რომ რიგ დოკუმენტებზე დასმული იყო გრიფით "საიდუმლო". დემონსტრანტების მიერ ისაელის საელჩოს აღების შემდეგ ეგვიპტის შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. მოხდა დაპირისპირება დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. ქვეყნის ძალოვანმა სტრუქტურებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
როგორც ცნობილია, ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც 18 აგვისტოს ისრაელის სამხედროებსა და პალესტინელ ბოევიკებს შორის გახსნილი ცეცხლის შედეგად, ეგვიპტის 5 მესაზღვრე მოკლეს. ეგვიპტემ ბრალი დასდო ისრაელს საკუთარი მოქალქეების მკვლელობაში და მოითხოვა გამოძიების ჩატარება. საპასუხოდ ისრაელმა განაცხადა, რომ მესაზღვრეების მკვლელობასთან მას არავითარი კავშირი არ აქვს.