კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, კახეთის საოლქო პროკურორად პარლამენტის წევრი, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ჩივიაშვილი ინიშნება.
„პარლამენტში ვარ და ჩვეულებრივ ვმუშაობ. პროკურორად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით", - განუცხადა გიორგი ჩივიაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.
გიორგი ჩივიაშვილი დაიბადა 1981 წლის 3 იანვარს. სპეციალობით იურისტია. 2002 - 2004 წლებში მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლის სამმართველოს მრჩევლის თანამდებობაზე; 2004 წლის 5 აგვისტოდან საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2005 წლის 22 იანვრიდან - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის გამოძიების სამმართველოს, მეორე განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2005 წლის 25 აპრილიდან - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2005 წლის 19 ივლისიდან - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული დეპარტამენტის, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობაზე. 2006 წლის 22 ივნისიდან 2008 წლის დეკემბრამდე თბილისის პროკურატურაში, განყოფილების პროკურორი იყო. 2008 წლის დეკემბრიდან 2010 წლის 26 აპრილამდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე მუშაობდა. 2010 წლის 30 მაისის შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში, გურჯაანის საარჩევნო ოლქში, გიორგი ჩივიაშვილმა კენჭი „ნაციონალური მოძრაობიდან" იყარა და დეპუტატი გახდა.
გიორგი ჩივიაშვილი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრია. ამავე დროს ის შეწყალების კომისიის წევრიც არის.
ჩივიაშვილი კახეთის გუბერნატორის გიორგი ღვინიაშვილის კადრია.
შეგახსენებთ, რომ კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობა 4 ივლისიდან ვაკანტურია. ყოფილი პროკურორი თამაზ ცაბუტაშვილი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.