დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2011 წლის იანვარ-ივლისში 1641 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2010 წლის იანვარ-ივლისთან შედარებით 42 პროცენტით მეტი), აქედან ექსპორტი 574 მლნ. აშშ დოლარი დაფიქსირდა (67 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 1067 მლნ. აშშ დოლარი (31 პროცენტით მეტი).
"საქსტატის" მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილი 34 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 48 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი (2010 წლის იანვარ-ივლისში - შესაბამისად 33, 40 და 30 პროცენტი). დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 20 პროცენტი (2010 წლის იანვარ-ივლისში - 26 პროცენტი).
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4832 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 36 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 1187 მლნ. აშშ დოლარი იყო (37 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 3645 მლნ. აშშ დოლარი (36 პროცენტით მეტი).
"საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2011 წლის იანვარ-ივლისში 2459 მლნ. აშშ დოლარი (35 პროცენტით მეტი) შეადგინა.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, რომ 2011 წლის იანვარ-ივლისში წინა წლების შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება, იმპორტი შემცირებულია მხოლოდ 2008 წელთან შედარებით, ხოლო ბრუნვა გაზრდილია სამივე წლის შესაბამისი პერიოდების მიმართ.