პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი 10 პირი მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვში დასუფთავების აქციაში ჩაერთო. მათ წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის დედათა მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორია დაასუფთავეს.
დასუფთავების აქციის მონაწილეების მიერ გაწეული შრომის ხანგრძლივობა სასამართლოს განაჩენით მათთვის მისჯილი საათების საერთო რაოდენობას გამოაკლდა.
ბოლო პერიოდში პრობაციის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული რეფორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, შესაძლებელი გახდა ამ ალტერნატიული სასჯელის ეფექტურად აღსრულება. აღნიშნული სანქციით, მათ შესაძლებლობა ეძლევათ, დანაშაული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით გამოისყიდონ.
ახალი პრაქტიკის მიხედვით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომამისჯილი განსაზღვრულ დროსა და განსაზღვრულ მონაკვეთზე GPS-ტექნოლოგიის საშუალებით კონტროლდება.