კომპანია "გუდვილმა" 2011 წლის ევროპის ბიზნეს დაჯილდოების სერთიფიკატი აიღო, როგორც საქართველოს წარმომადგენელმა კომპანიამ. საქართველო ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაზე მეორე წელია მონაწილეობს და გუდვილიც ხელმეორედ იქნა წარდგენილი . 2011 წლის დაჯილდოების საბოლოო ცერემონიალი ბარსელონაში 22 ნოემბერს გაიმართება.
"გუდვილის" ინფორმაციით, ევროპის ყველა ქვეყნიდან წარმოდგენილ კომპანიებს ჟიური ავლენს, რომლის წევრებიც არიან ეკონომისტები, აკადემიკოსები, ბიზნეს ლიდერები, პოლიტიკოსები და მედიის წარმომადგენლები.
„ევროპის 220 საუკეთესო კომპანიათა შორის მოხვედრა ძალიან სასიხარულოა, საკმაოდ რთულ და პრესტიჟულ კონკურსში გადავლახეთ რამოდენიმე ეტაპი და მივიღეთ სერთიფიკატი, უამრავი წარმატებული კომპანიიდან არჩეული იქნა გუდვილი და გახდა ქვეყნის წარმომადგენელი, რაც ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა. კონკურსში მონაწილეობას სამი ქართული კომპანია აგრძელებს, წარმატებებს ვუსურვებ მათ და კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი „ეიჩ-ეს-ბი-სი" ბანკს. გუდვილი მომავალ წელსაც მიიღებს მონაწილეობას აღნიშნულ კონკურსში და იმედი გვაქვს მეტ წარმატებებსაც მივაღწევთ " - განაცხადა "გუდვილის" გენერალურმა დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, „ეიჩ-ეს- ბი- სი"- ბანკის რეკომენდაციით საქართველოს პირველად მიეცა საშუალება მიეღო მონაწილეობა ევროპის ბიზნეს დაჯილდოებაში, სადაც კომპანია გუდვილმა მიიღო პრიზი - საუკეთესო ბიზნეს საქმიანობისთვის.
ევროპული ბიზნეს დაჯილდოება ოთხი წელია არსებობს და მისი გენერალური სპონსორი „ეიჩ-ეს-ბი-სი" ბანკია. ბიზნეს დაჯილდოება აღიარებულია როგორც ინოვაციის, წარმატებისა და მდგრადობის სიმბოლო.