ENG / RUS       12+

ლიანა ისაკაძე: ფესტივალის საქართველოში ჩატარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ჩვენი ქვეყანა შეიყვარონ, საფრანგეთი ისედაც უყვართ

რესპოდენტის შესახებ

უკვე მესამე წელია აჭარაში ცნობილი ქართველი მევიოლინის ლიანა ისაკაძის დაარსებული ფესტივალი "ღამის სერენადები" იმართება. წლევანდელ ფესტივალში ისაკაძის მიერ სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" საშუალებით შექმნილი მსოფლიოში სახელგანთქმული ვირტუოზების ანსამბლ-ორკესტრი "ფეისბუკის მეგობრებიც" მიიღებენ მონაწილეობას. ორკესტრის პრეზენტაცია და გრანდიოზული კონცერტი 25 აგვისტოს, ბათუმის ახალ საოპერო თეატრში გაიხსნება. "ღამის სერენადები" 1982 წელს ბიჭვინთაში დაარსდა. "ჯი-ეიჩ-ენი" ფესტივალის", "ფეისბუკის მეგობრებისა" და სხვა საკითხების შესახებ, აღნიშნული პროექტების დამაარსებელ ლიანა ისაკაძეს პირადად ესაუბრა.

- ფესტივალი "ღამის სერენადები" პირველად 1982 წელს ბიჭვინთაში გაიმართა. მესამე წელია ფესტივალი გონიოში იმართება. წლევანდელი ფესტივალი რითი იქნება განსხვავებული წინა ფესტივალებისგან?
- პირველი "ღამის სერენადებისგან" იმით იქნება განსხვავებული, რომ ის იყო ბიჭვინთაში. ეს კი უკვე მესამე წელია ბათუმში იმართება. ეს ფესტივალი აფხაზეთს სიმბოლურად უკავშირდება. მაშინაც ზღვაზე აფხაზეთში და ახლაც ზღვაზე - აჭარაში. ეს ფესტივალი ქართველი და აფხაზი ხალხის მეგობრობას მივუძღვენით. წლევანდელ ფესტივალზე სიურპრიზი იქნება ის, რომ პირველად ჩატარდება "ფეისბუკის მეგობრების" კონცერტები. ვირტუოზების იდეამ ყველა ძალიან მოხიბლა.

- როგორც ცნობილია, ფესტივალზე მსოფლიოში ცნობილი ვირტუოზები მიიღებენ მონაწილეობას. რას გვეტყვით მონაწილეობის შესახებ?
- მონაწილეები არიან პირველი კლასის მუსიკოსები მთელი მსოფლიოდან. ძალზე ცნობილები, რომლებიც საქართველოსადმი და იდეისადმი სიყვარულით შექმნილ ვირტუოზების ორკესტრ "ფეისბუკის მგეობრებში" არიან გაერთიანებულნი. ეს არის უნიკალური შემთხვევა. მსოფლიოში ასეთი ორკესტრი არ ყოფილა. იმედი მაქვს, ეს წამოწყება გაგრძელდება და ეს იქნება ერთ-ერთ საუკეთესო ორკესტრი მსოფლიოში. ჩამოვლენ ისეთი ცნობილი ვირტუოზები, როგორიცაა გუდინი, სპანარი, ბელინსკი. მონაწილეობას თბილისის კამერული ორკესტრიდანაც მიიღებენ მონაწილეობას.

- "ფეისბუკის მეგობრების" შექმნის იდეა როგორ გაჩნდა?
- მე მიმიწვიეს "ფეისბუკში" და გავხდი ფეისბუკის წევრი. ათასობით მეგობარი გამიჩდა. გამიჩნდა ინტერესი მათთან შეხვედრისა და პირადად გაცნობის. ასევე იმის, რომ გვეჩვენებინა ჩვენი ხელოვნება ერთმანეთისთვის. მომივიდა იდეა, რომ გენიოსები ერთ ორკესტრში გაერთიანებულიყვნენ.

- ბათუმის გარდა გააგრძელებენ თუ არა "ფეისბუკის მეგობრები" კონცერტებს სხვადასხვა ქალაქში?
- თავდაპირველად ვფიქრობდი, რომ საფრანგეთში, კანში ყოფილიყო პირველი კონცერტი, მაგრამ მერე გადავწყვიტე, რომ საქართველოში იყოს, რადგან ქართველი ვარ. ვფიქრობ, ამით დიდ პოპულარიზაციას გავუკეთებთ ბათუმს. მინდა, ჩემი ქვეყანა შეიყვარონ. საფრანგეთი ისედაც ყველას უყვარს. ვნახოთ, აქ როგორ ჩატარდება. მომავალ წელს კანში უნდათ, რომ ჩავატაროთ. გარდა კანისა, დაინტერესება სხვა ქალაქებმაც გამოთქვეს. მაგალითად, ლას ვეგასმა და სან ფრანცისკომ.

- 1992 წელს გერმანიის ქალაქ ინგოლშტატში, თქვენი ინიციატივით, მოხდა მე-15 საუკუნის შენობის რესტავრაცია, სადაც დაარსდა "დ. ოისტრახის" აკადემია. გვიამბეთ აკადემიის შექმნის შესახებ. აგრძელებს თუ არა აკადემია მუშაობას?
- მე რომ ჩავიყვანე საქართველოს სახელმწიფო ორკესტრი ინგოლსშტატში, გერმანიაში მინდოდა, რომ ჩემი პროფესორის, დავიდ ოისტრახის სახელობის აკადემია დამეარსებინა და მივმართე სახელმწიფოს.მათ არც კი იცოდნენ, ვინ იყო ოისტრახი და ითხოვდნენ, გინდა თუ არა თქვენი სახელობის გავაკეთოთო. მე ვუთხარი - არავითარ შემთხვევაში! ისეთი სასწაული მოხდა, რომ ქალაქის ხელმძღვანელებმა გააკეთეს ჩემი კარნახით რესტავრაცია. არქიტექტორს მე ვუკარნახე, რა გვჭირდებოდა ამ აკადემიისთვის და რა იყო საჭირო ორკესტრისთვის. გააკეთეს მე-14 საუკუნის შენობის რესტავრაცია და დაარსდა აკადემია. ვინაიდან 1997 წელს დავტოვე ორკესტრი, იმიტომ რომ მინდოდა ისინი ჩამოსულიყვნენ საქართველოში, აღარ შემეძლო ვყოფილიყავი მათი საქმის მიმცემი, რადგან დილიდან ღამემდე ვაკეთებდი საქმეს, დამყავდა ორკესტრი მთელ მსოფლიოში. მოკლედ, გადაღლილი ვიყავი საქმით. მათ უნდოდათ იქ დარჩენა, ამიტომ დავტოვე ის ორკესტრი და დავტოვე ის აკადემიაც. აკადემია დავტოვე შემდეგი მიზეზით: აკადემია დააარსეს მუსიკალური სკოლის ფარგლებში. მითხრეს, რომ რამდენიმე წელიწადში მიიღებდა სტატუსს, მაგრამ სწორედ იმ პერიოდში გერმანიაში იყო ძალიან დიდი კრიზისი ფულის, რის გამოც 80 % მუსიკალური სკოლებისა დაიხურა და ჩემს აკადემიას ვერ მისცეს სტატუსი. მეწყინა, რადგან როგორ შეიძლება რომელიღაცა პროვინციის მუსიკალური სკოლის ფარგლებში ყოფილიყო ოისტრახის სახელი და აკადემია. მაშინ ვთქვი, რომ უჩემოდ განეგრძოთ.

- მოგეხსენებათ, რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს, რამაც საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. თქვენ, როგორც ხელოვანი, როგორ შეაფასებთ ბატონი რობერტის გათავისუფლების ფაქტს?
- როგორ უნდა შევაფასო?! საშინელებაა ამისთანა რეჟისორის გათავისუფლება. ეს, მემგონი, არის გაურკვევლობა. ვფიქრობ, ეს შეიცვლება. არ შეიძლება ეს ესე დარჩეს. ალბათ, რაღაც გაურკვევლობა მოხდა. საქართველო თუ დაკარგავს რობერტ სტურუას, ძალიან სამწუხარო იქნება.

"ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა ალექსანდრე ნაბახტეველი

ავტორი: . .