"ქართული პარტია" ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს უჩივის.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, სუბელიანის უწყების წინააღმდეგ პარტიის წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი დღეს შეიტანეს.
"ქართული პარტია" სარჩელში მოითხოვს, გაიცეს საჯარო ინფორმაცია, რომელიც დევნილთა საკომპენსაციო თანხებს უკავშირდება.
"ქართულმა პარტიამ", საჯარო ინფორმაციის მიღების მოთხოვნით, აღნიშნულ სამინისტროს უკვე მიმართა, რასაც არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია. სამინისტროს მხრიდან კანონის მოთხოვნათა იგნორირება მინისტრთან გასაჩივრდა, თუმცა რეაგირება არც უწყების ხელმძღვანელის მხრიდან ყოფილა. ნათელია, რომ სახელისუფლებო სტრუქტურები კანონს უხეშად არღვევენ და სახელმწიფოს მიერ მოქალაქეების წინაშე ნაკისრი ვალდებულებები არ სრულდება. "ქართულ პარტიას" დახმარებისთვის მომართავენ მოქალაქეები, რომლებმაც საკომპენსაციო თანხის - 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საცხოვრებელ ფართზე უარი თქვეს, მაგრამ თანხა დღემდე არ მიუღიათ. უფრო მეტიც, თანხა მათ ანგარიშზე 2-ჯერ დაირიცხა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით, ორივეჯერ მოიხსნა", - აცხადებენ პარტიაში.