"2004 და 2008 წლებში განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს ახლანდელი ხელისუფლება რევანშისთვისაა განწყობილი". განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა ცხინვალში გააკეთა.
მისი თქმით, თბილისში კარგად ესმით, რომ სამხედრო თვალსაზრისით უკვე არაფრის შეცვლა არ შეიძლება, ამიტომაც იქ ამუშავებენ სხვადასხვაგვარ გეგმებს იმისათვის რათა ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს პოლიტიკურ ორბიტაში შეიყვანონ.
"არავითარი კონფედერაცია და ფედერაცია საქართველოსთან ჩვენ არ უნდა გვქონდეს. თუ ჩვენ ამას დავუბრუნდით, ჩვენი მომავალი თაობები განწირულნი არიან გლოვისა და გამოცდებისათვის. რისთვის ვიბრძოდით აბა და რისთვის მივიტანეთ თავისუფლების სამსხვერპლოზე ამდენი სიცოცხლე?", _ აცხადებს ოს სეპარატისტთა ლიდერი და დასძენს, რომ ეროვნულ -გამათავისუფლებელი მოძრაობის პირველივე დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთი სწორ გზას ადგა და ამაში "დიდი წვლილი სამხრეთ ოსეთის პირველი მოწვევის პარლამენტის წევრებმა შეიტანეს".
"მათ მკვეთრი პოლიტიკურ-სამართლებრივი საფუძველი შექმნეს ჩვენი სახელმწიფოსათვის და ეს საფუძველი ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრის საშუალებას იძლევა. შედეგად მსოფლიოს რუკაზე გაჩნდა ახალი ალან-ოსური სახელმწიფო. ეს ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია", _ აცხადებს ედუარდ კოკოითი.