ბოსნიაში მიმდინარე ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატის B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე მატჩიც მოიგო და ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, შემდეგი ეტაპის საგზური გაინაღდა. მე-4 ტურში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთს, რომელსაც 3 ტურის შემდეგ ასპროცენტიანი შედეგი ჰქონდა, დაძაბულ მატჩში 88:87 მოუგო.
საქართველოს ნაკრებმა ესტონეთთან მნიშვნელოვანი უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა, როდესაც 21:16 დაწინაურდა. მე-2 მეთოხედში მეტოქემ უსტიაშვილის გუნდს 3 ქულა მოუგო, მაგრამ დიდი შესვენების შემდეგ ქართველებმა 23:19 იმარჯვეს და გადამწყვეტ მეოთხედს ექვსქულიანი უპირატესობით შეხვდნენ.
ბოლო მეოთხედში ესტონელები ქართველებზე კარგად გაისარჯნენ და მეტოქეს 5 ქულით აჯობეს, მაგრამ საბოლოო გამარჯვების მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ გამოდგა. ქართველთაგან საუკეთესო კვლავ თორნიკე შენგელია იყო, ვინც 31 წუთსა და 29 წამში თავი 33 ქულას, 15 მოხსნას (5 შეტევაში და 10 დაცვაში) ორ შედეგიან გადაცემასა და ამდენივე ჩაჭრას მოუყარა.
საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. რუმინეთთან შეხვედრას პრაქტიკული მნიშვნელობა დაეკარგა - უსტიაშვილის გუნდი წაგების შემთხვევაშიც პირველ ადგილზე რჩება. ამ ეტაპის დასრულების შემდეგ მომდევნო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც A და B ჯგუფების 2-2 საუკეთესო გუნდი შეავსებს.
საქართველო მეორე ჯგუფში პრემიალური, ოქროს ქულით შევა, რადგან ჩვენი ჯგუფიდან მეორეზე გასულ გუნდთან (ესტონეთი ან პოლონეთი) პირადი მოგება ექნება. ჩვენი მომავალი მეტოქეების ვინაობა ბოლო ტურის შემდეგ გაირკვევა. მომდევნო ეტაპის საგზურისთვის B ჯგუფში დანია, ბულგარეთი და სლოვაკეთი იბრძვიან.