რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებით სავსე საექსკურსიო ავტობუსი სეპარატისტულ აფხაზეთში სარეკლამო ბანერს ბზიფის დასახლებაში შეეჯახა.
ინციდენტის შედეგად ჰოსპიტალიზებულია ექვსი ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ავრობუსის სალონში ასევე იმყოფებოდნენ აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეებიც.
"ავტობუსის სალონში 54 ადამიანი იმყოფებოდა - აფხაზეთის, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეები. ისინი ექსკურსიაზე რიწის ტბაზე მიდიოდნენ", _ იუწყება რუსული მედია.
თვითმხილველთა მონათხრობით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გახდა ის, რომ ავტობუსის მძღოლი შეეცადა თავი აერიდებინა დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომობილისათვის და ბანერს შეეჯახა. ექვს მგზავრს ტრამვები აქვს მიღებული.