ქრისტიან-დემოკრატებს შსს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური მასალის შემდეგ ფოტოგრაფების ბრალელულობის დაჯერება კიდევ უფრო უჭირთ. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
"დაკავებული სამი ფოტორეპორტიორიდან ორს წლების განმავლობაში ვიცნობდი. თავიანთ საქმეში ეს ადამიანები იყვნენ გამოცდილები, პროფესიონალები, გაბედულები და პროფესიული სტანდარტებისადმი ერთგულები. ამიტომ მათი ბრალის დაჯერება გამიჭირდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამე სხვა მასალა იქნება წარმოდგენილი. მით უფრო ახლა მიჭირს ამის დაჯერება, როცა შსს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია მოვისმინე", - განაცხადა თარგამაძემ.
საპარლამენტო უმცირეოსბის ლიდერი შსს-ს მოუწოდებს, უახლოეს დღეებში გამოხმაურონ ჟურნალისტების თხოვნას, შეხვდნენ მათ და მიაწოდონ დამატებითი ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ გრიფით "საიდუმლო" მასალის მიწოდება არ შეუძლიათ, თარგამაძე მზადყოფნას გამოთქვამს, პროცესში ჩაერთოს და დამატებითი ინფორმაცია სწორედ მას მიაწოდონ.
"დამატებითი ინფრომაცია მოგვაწოდონ ჩვენ, რათა საზოგადოებას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები. რაც შეეხება დაკავებულებს, მათ ბრალეულობაზე საუბარი მიზანშეუწონლად მიმაჩნია. მით უმეტეს, რომ აბდალაძე უარყოფს ჯაშუშურ საქმიანობასთან მონაწილეობას. გამომდინარე იმ ურთიერთობიდან, რომელიც მქონდა ამ ადამიანთან, გაცილებით მეტი საფუძველი მაქვს, ვენდო მის ნათქვამს და ეჭვი არ შევიტანო მის პატიოსნებაში, პატრიოტიზმსა და პროფესიონალიზმში, ვიდრე ვენდო იმ მასალას, რომელიც წარმოდგენილი იყო ოფიციალურად", - აცახდებს თარგამაძე.