საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის მტკიცებით,
პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ხაზს უსვამს, თუ რამდენად მაღალია
მართლმადიდებლობის ხარისხი საქართველოში სხვა რელიგიებთან მიმართებაში. ამის შესახებ დღეს, ბაქრაძემ პარლამენტში სპეციალურად აღნიშნული საკითხზე მოწვეულ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, "სამოქალაქო კოდექსში" შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ამ დღეების განმავლობაში იყო მსჯელობა და მათი მიზანია, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაფიქსირდეს პარლამენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის პოზიცია.
"რწმენის თავისუფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულება, რაც იყო კიდეც აღნიშნული წმინდა სინოდის გუშინდელ განჩინებაში - რომ საქართველო ყოველთვის ცნობილი იყო თავისი შემწყნარებლობით, ტოლერანტობით განსხვავებული რელიგიების მიმართ", - აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ პარალელი გაავლო ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად აღიარებულ მეფე დავით აღმაშენებელთან და აღნიშნა, რომ ის რეგულარულად დადიოდა მეჩეთშიც, სინაგოგაში და ასე გამოხატავდა ქართული სახელმწიფოს დამოკიდებულებას სხვა რელიგიების მიმართ.
"ეს არის ჩვენი სიმდიდრე და ისტორიული ღირებულება. როცა ვამბობთ, რომ "ძალა ერთობაშია", ვგულისხმობთ ყველა იმ ადამიანის პატივისცემას, ვინც საქართველოს მოქალაქეა. ამავე დროს, საქართველოში ყოველთვის არსებობდა, არსებობს და იარსებებს რელიგია, რომელსაც უჭირავს განსაკუთრებული სტატუსი. ეს არის ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. ეს ადგილი მას დღეს გარანტირებული აქვს ქართული კონსტიტუციის შეთანხმებით, ეს არის ყველაზე მაღალი იურიდიული ხარისხის გარანტია. კანონი, რომელიც მივიღეთ, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მაღალია მართლმადიდებლობის ხარისხი სხვა რელიგიებთან საქართველოში", - აღნიშნა სპიკერმა.