მთავრობა "თავისუფალი ეკონომიკური აქტის" პროპაგანდას იწყებს. როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, თავისუფალი ეკონომიკური აქტი, რომელიც პარლამენტმა გასულ კვირას მიიღო, ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად და ინვესტორების სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
პრემიერ-მინისტრმა დღეს ფინანსთა მინისტრს დაავალა, რომ უახლოეს დღეებში გამართოს ბრიფინგი და პრესას და საზოგადოებას "თავისუფალი ეკონომიკური აქტის" თითოეული მუხლი განუმარტოს და, იმავდროულად, აღნიშნული აქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს კერძო სექტორს.
"პარლამენტმა "თავისუფალი ეკონომიკური აქტი" უკვე მიიღო, რაც ჩვენი აზრით, არის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური კანონი. ამ კანონზე ძალიან დიდხანს ვიმუშავეთ.
2 თვის განმავლობაში, როგორც პარლამენტის, ასევე მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ ჩართულნი მის შემუშავებაში და ასევე, ჩვენ მასში ჩავრთეთ ბევრი საერთაშორისო ექსპერტი. შევისწავლეთ ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილება ამ მიმართულებით და საბოლოოდ, ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კანონი შევარჩიეთ.
"თავისუფალი ეკონომიკური აქტი" ეს არის გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის კანონმდებლობა, სადაც გაწერილია იმ მაკროეკონომიკური პარამეტრები რითაც შემდგომ მთავრობამ უნდა შეიმუშაოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გილაურის თქმით, "თავისუფალი ეკონომიკური აქტი"-ში წერია, რომ საბიუჯეტო დეფიციტი 3 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო მაქსმალური ვალი მშპ-სთან მიმართებაში 60 პროცენტზე მაღლა არ უნდა იყოს. ხოლო რაც შეეხება მაქსიმალურ ხარჯს, ის მშპ-სთან მიმართებაში 30 პროცენტს უნდა შედგენდეს.
"ეს არის სამი პრიორიტეტი. თუმცა მთავრობას შეუძლია ერთჯერადად დაარღვიოს ეს ჭერები, თუმცა გრძელვადიან პერიოდში ამ ჭერს უნდა დაუბრუნდეს. ეს არის სამი ძირითადი პარამეტრი რომელიც უზურნველყოფს იმას, რომ მთავრობა არ გაკოტრდება, ქვეყნის ვალი არ გაიზრდება და ქვეყანა კერძოს სექტორს არ დააწვება. მთავრობის წილი ეკონომიკაში 30 პროცენტზე მაღალი არ იქნება. ძალიან ხშირად ინვესტორები გვეუბნეოდნენ, რომ მათ მოსწონდათ საქართველოს კანონმდებლობა, მოსწონდათ არსებული ეკონომიკური რეგულაციები, თუმცა მათი ინვესტიციების დათვლა ქვეყანაში იყო 15-20-25-30 წლებზე და სად იყო გარანტია იმისა, რომ ეს ეკონომიკური მიმართულება არ შეიცვლებოდა", - აღნიშნა ნიკა გილაურმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ ინვესტორთა ამ შეკითხვეს ოფიციალური პასუხი უკვე მოუძებნა და პარლამენტის მიერ მიღებულია "თავისუფალი ეკონომიკური აქტი", რაც ინვესტორებს ქვეყანაში სტაბილურობის განცდას გაუზრდის და მათ კარგად ეცოდინებათ თუ როგორი იქნება ეკონომიკა გრძელვადიან პერიოდში.