მყვინთავებმა ვოლგაზე ჩაძირულ თბომავალ "ბულგარიას" მუსიკალურ სალონამდე ჩააღწიეს და ბავშვების ცხედრების ამოტანა დაიწყეს. ამ დროისათვის ნაპოვნია ხუთი ბავშვის ცხედარი.
ვარაუდობენ, რომ იქ შესაძლოა რამდენიმე ათეული ბავშვის ცხედარი იყოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს რეგიონალური ცენტრის ხელმძღვანელზე იგორ პანშინზე დაყრდნობით ავრცელებს.
საუბარია მუსიკალურ სალონზე, სადაც სავარაუდოდ, ბავშვები იყვნენ თავმოყრილნი. სალონში სავარაუდოდ 40 დან 50 მდე ბავშვის ცხედარია.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის სერგეი შოიგუს ინფორმაციით ფსკერიდან "ბულგარიას" ამოტანის ოპერაცია 16 ივლისისათვის დაიგეგმა.
თბომავალი "ბულგარია" 10 ივლისს ნაპირიდან სამი კილომეტრის დაშორებით ჩაიძირა. სულ გემზე 209 ადამიანი იმყოფებოდა. 79 ადამიანი გადარჩა. მდინარიდან 71 ადამიანის ცხედარია ამოტანილი, დანარჩენის ბედი ჯერ ჯერობით უცნობია.