პარლამენტის ვიცე-სპიკერის, მიხეილ მაჭავარიანის მტკიცებით, რელიგიური გაერთიანებებისთვის სტატუსის მინიჭებას "რელიგიების შესახებ" კანონის მიღება არ მოჰყვება. ამის შესახებ მაჭავარიანმა "სამოქალაქო კოდექსში" ცვლილებების დამტკიცების შეფასებისას განაცხადა, რომელიც რელიგიურ გაერთიანებებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალებას აძლევს.
მისი თქმით, ~სამოქალაქო კოდექსში~ შეტანილი ცვლილებების დამტკიცების შემდეგ რაიმე ახალი კანონის, მათ შორის ~რელიგიური გაერთიანებების~ შესახებ კანონის, ინიცირება არ მოხდება.
~მიღებული კანონის არსი მხოლოდ და მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ თუკი აქამდე მოქმედი კანონით, მაგალითად, კათოლიკურ ეკლესიას, ეკლესიად რეგისტრირების შესაძლებლობა არ ჰქონდა და მას რეგისტრაცია როგორც ფონდს ან NGO-ს უნდა გაევლო, ახლა ეკლესიად რეგისტრირების შესაძლებლობა ეძლევა. არანაირი სხვა ცვლილება მიღებულ გადაწყვეტილებას არ მოჰყვება და არანაირი ლოგიკით ქართული ეკლესიის პოზიცია ამ გადაწყვეტილების საწინაღმდეგო არ შეიძლება იყოს~, - განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
მისი თქმით, რელიგიური გაერთიანებების სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არც მართლმადიდებელი ეკლესიის ზურგს უკან მომხდარა.
მაჭავარიანი განმარტებით, საპატრიარქოში კონსულტაციები 2 და 5 ივლისს გაიმართა და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ფორმულირებები მეორე მოსმენისთვის სწორედ სასულიერო პირების პოზიციის გათვალისწინებით შეიცვალა.
~კონსულტაციების დროს კითხვები ძირითადად იმის შესახებ დაისვა, იძლეოდა თუ არა ქონების გადაცემის საფუძველს კანონის ახალი ჩანაწერი. საპატრიარქოს მხრიდან შეხვედრას ჯონი ხეცურიანიც ესწრებოდა და მანაც აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ინიციატივა ამ მხრივ რაიმე პრობლემას არ ქმნიდა", - აღნიშნავს მაჭავარიანი.
მისი თქმით, ~სამოქალაქო კოდექსის~ შესაბამისი პუნქტით მკაფიოდ განისაზღვრა, რომ კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებულ იურიდიულ პირს საქართველოს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს.