"მე არ შემიძლია დეტალურად ვისაუბრო ამ მეტად მგრძნობიარე საქმის თაობაზე, მაგრამ არის ერთი საკითხი, რომელსაც ნათელი უნდა მოვფინო: საქმე შეეხება ინფორმაციის სერიოზულ გაჟონვას ჩვენი ინსტიტუციებიდან. აქ ლაპარაკი არ არის ჟურნალისტიკაზე ან მედიასაქმიანობაზე", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ "პრესა.ჯი"-სთან საუბარში ფოტოკორესპოდენტების დაკავების ფაქტის კომენტირებისას.
მისივე თქმით, ხაზგასმით აღინიშნა ის ფაქტი, რომ ეჭვმიტანილები ფოტოგრაფები არიან, მაგრამ მათთვის ბრალი არ წაუყენებიათ თავიანთი ფოტოგრაფიული საქმიანობის შესრულებისთვის.
"მათ ბრალი კონფიდენციალური ინფორმაციის გადაცემისათვის წაუყენეს. კერძოდ, იმისთვის, რომ წერილობითი დოკუმენტაცია ან კონფიდენციალურ ღონისძიებათა განრიგი ისეთ ორგანიზაციას გადასცეს, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც ჯაშუშური ქსელი. მე მხოლოდ ბრალდებაზე ვსაუბრობ და ცხადია, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს", _ აცხადებს მანჯგალაძე და აღნიშნავს, რომ მათგან ორი საჯარო მოხელე იყო, ერთ-ერთს კი ახლო შეხება ჰქონდა პრეზიდენტთან.
"შესაძლოა, მათ ნებისმიერი სხვა თანამდებობა ჰქონოდათ ფოტოგრაფობის გარდა და ამ შემთხვევაშიც, საქმეს ზუსტად იგივე კვალიფიკაცია მიენიჭებოდა.
მე ვერ გავიხსენებ ვერც ერთ ჟურნალისტს საქართველოში - ვერც მხარდამჭერს და ვერ ოპოზიციურად განწყობილს მთავრობის მიმართ - რომლისთვისაც ოდესმე ბრალი დაედოთ ჯაშუშობაში.
ის ხალხი, რომელიც დააკავეს, სრულებით არ იყვნენ ცნობილი საკუთარი პოლიტიკური შეხედულებებით და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ მათი დაკავება გაიგივებული იყოს მედიის თავისუფლებასთან", _ აცხადებს მანჯგალაძე.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულ ფოტოგრაფებს ბრალი ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისათვის ინფორმაციის მიწოდებაში ედებათ.
ფოტოკორესპოდენტები - ზურაბ ქურციკიძე, გია აბდალაძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები გუშინ გამთენიისას საკუთარ სახლებში აიყვანეს. ისინი ჯაშუშობის ბრალდებით კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. საქმის განსაკუთრებით გასაიდუმლოების გამო ამ დრომდე უცნობია ბრალდების კონკრეტული მტკიცებულებები.