საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ეკა ზღულაძის განცხადებით, დაკავებულ რეპორტიორების მიმართ ძალიან სერიოზული ბრალდებები იქნება წაყენებული.
„დაკავებულ პირებს ბრალი ედებათ ერთ-ერთი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის საფარქვეშ მოქმედი ორგანიზაციისთვის, საქართველოს ინტერესების საზიანოდ, მათი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება", - განაცხადა ზღულაძემ „ფრანს პრესთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ დაკავებული ფოტორეპორტიორების შესახებ შსს-მ ინფორმაცია გაავრცელა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ დაკავებულები არიან: ზურაბ ქურციკიძე (ევროპის ფოტოსააგენტოს წარმომადგენელი საქართველოში), ირაკლი გედენიძე (პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ფოტოგრაფი), მისი მეუღლე ნათია გედენიძე და გიორგი აბდალაძე (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ფოტოგრაფი).