საპარლამენტო უმცირესობა მმართველ პარტიას მოუწოდებს, პარლამენტის ქუთაისში გადატანის საკითხთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე თავიდან დააყენოს.
როგორც ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, კარგი იქნება, თუ საპარლამენტო უმრავლესობა გაითვალისწინებს მედიაში გასულ ინფორმაციას, საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანასთან დაკავშირებით კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს და საკითხს მეორედ გაიტანს კენჭისყრაზე.
"ეჭვი არ მეპარება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე არც მერე ექნებათ პრობლემა", - დასძინა ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებები რეგლამენტის დარღვევით დაამტკიცა. კერძოდ, რეგლამენტის თანახმად, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად კვორუმისთვის 100 ხმაა საჭირო, მიუხედავად იმისა, რომ ტაბლოზე 106 ხმა დაფიქსირდა, საიდანაც ქუთაისში პარლამენტის გადატანას მხარი 103 დაუჭირა, ამ დროს სხდომათა დარბაზში 87 დეპუტატი იმყოფებოდა.