„ეროვნული საბჭოს" ლიდერ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, „ახალი მემარჯვენეებისა" და „ქრისტიან-დემოკრატების" ყოფნისას „რვიანში" არანორმალური ვითარება იყო.
როგორც ძიძიგურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ორი ძალა „რვიანის" მუშაობას აბრკოლებდა.
„ზოგი ჭირი მარგებელია - ის ძალები, რომლებიც აბრკოლებდნენ „რვიანის" აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას, დღეს არიან სხვაგან და ამ თვალსაზრისით, გაცილებით კარგად გვაქვს საქმე და პოლიტიკური აქტიურობაც დღის წესრიგში დადგა", - განმარტა ძიძიგურმა.
მისივე შეფასებით, სწორედ იმის გამო, რომ „ახლები" და „ქრისტიან-დემოკრატები" „რვიანის" პოლიტიკურ აქტიურობას ეწინააღმდეგებოდნენ, გაერთიანებაში არანორმალური ვითარება იყო შექმნილი.
„ეს ორი ძალა ქმნიდა ერთგვარ დაბრკოლებას. წერტილ-მძიმეზეც კი რამდენიმე საათიანი მსჯელობა გვქონდა ხოლმე. ეს იყო არანორმალური ვითარება. შეიძლება, საერთაშორისო თვალსაზრისით, „ახლებისა" და „ქრისტიან-დემოკრატების" „რვიანიდან" გასვლამ ჩვენი მდგომარეობა დაამძიმა, მაგრამ მეორე მხრივ, დარჩენილი პარტიების პოლიტიკური აქტიურობა შეუზღუდავი გახდება", - აღნიშნა „ეროვნული საბჭოს" ლიდერმა.