კომპანია „გუდვილი" საკუთარ კლიენტებს ჟურნალ "გუდვილს" სთავაზობს, რომლის პირველი ნომრის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. "გუდვილის" მენეჯმენტი აცხადებს, რომ ჟურნალი სასარგებლოა არა მხოლოდ ჰიპერმარკეტის კლიენტებისათვის, არამედ დისტრიბუტირებისა და მწარმოებელი კომპანიებისთვის, რადგანაც მათ შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია ჟურნალ "გუდვილში" განათავსონ.
ჟურნალი „გუდვილი" არის საცალო ვაჭრობის; წარმოებისა და სარესტორნო ბიზნესის სფეროს; საქართველოში წარმოებული პროდუქციის; განვითარების სტრატეგიების; რეგიონალური პოტენციალის; ახალი ტექნოლოგიებისა და დანადგარების შესახებ. გარდა საცალო ვაჭრობის სფეროს მასალებისა, მკითხველს შეუძლია თვალი გადაავლოს სტატიებს სხვადასხვა ქვეყნის გასტრონომიული ტრადიციების შესახებ, აქვეა ექსპერტების აზრი, ინტერვიუები წარმატებულ ბიზნეს პერსონებთან და შეფ-მზარეულებთან, მკითხველები ჟურნალის საშუალებით პირველები გაიგებენ სიახლეებს, აქციებსა და ფასდაკლებებს.
"ჩვენი მიზანია „გუდვილის" მომხმარებელი ყოველთვის ინფორმირებული იყოს კომპანიაში მიმდინარე სიახლეების შესახებ, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა საინტერესო საკითხავი ჟურნალი სასარგებლო ინფორმაციით, საქმიანი ადამიანებისათვის. ასეთი თემატიკის ჟურნალი დღეს-დღეობით არ არსებობს ქართულ მედია სივრცეში. მომხმარებელი ჟურნალში წაიკითხავს „გუდვილში" წარმოდგენილი პროდუქციის შესახებ სრულ ინფორმაციას, „გუდვილის" მომწოდებლებისთვის და პარტნიორი კომპანიებისთვის ჟურნალი საუკეთესო საშუალებაა, რათა მომხმარებლებს მიაწოდონ დეტალური ინფორმაცია საკუთარი ნაწარმისა თუ პროდუქტის შესახებ. თავდაპირველად ჟურნალი გამოვა 5 000 ტირაჟით, ყოველთვიურად. 18 ივნისად ჟურნალი „გუდვილი" გავრცელდება მთელს ქსელში და გაიცემა საჩუქრად 100-ლარიანი შესყიდვის შემთხვევაში", - განაცხადა გუდივილის დირექტორმა სტრატეგიული განვითარების დარგში მიხეილ ჩარკვიანმა.
„გუდვილმა" ჟურნალი სარეკლამო სააგენტო „ფლიტთან" და გამომცმელობა „ფლიტმედიასთან" ერთად გამოუშვა, ერთობლივი ძალები იძლევა საშუალებას, რომ ჟურნალმა მომხმარებლებს მუდამ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციები შესთავაზოს.