მენეჯმენტ კომპანია „დექსუსი" „ცენტრ პოინტის" კიდევ 3 შეჩერებულ პროექტს განაახლებს. ამჯერად სამშენებლო სამუშაოები სააკაძის მოედნის კომპლექსზე, სამგორის „თეთრ სახლსა" და ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე მეოთხე კორპუსში, ე.წ „ხერხზე" დაიწყება. სამივე ობიექტის მშენებლობა ივლისის თვეში, ეტაპობრივად განახლდება.
კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, ამ პროექტების დასრულების შემდეგ კუთვნილ საცხოვრებელ და კომერციულ ფართებს 1000-მდე მომხმარებელი მიიღებს. სამშენებლო სამუშაოების განახლების პარალელურად გამოცხადდება თითოეული მათგანის დასრულების კონკრეტული თარიღებიც. „დექსუსი" ობიექტების მშენებლობაში 15 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
„დექსუსის" დირექტორის გიორგი ქანანაშვილის განცხადებით, „ცენტრ პოინტის" რეაბილიტაციის გეგმაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს:
„ივლისის თვე საკმაოდ დატვირთული იქნება. დამატებით 3 პროექტს განვაახლებთ და რაც მთავარია, „ცენტრ პოინტის" მომხმარებლებს, რომლებიც ამ ობიექტებზე ფართების მიღებას რამდენიმე წელია ელოდებიან, მათი დასრულების კონკრეტულ თარიღებს ვაცნობებთ",- განმარტავს გიორგი ქანანაშვილი.
„დექსუსმა" 5 პროექტი მშენებლობა უკვე დაასრულა და ამ დასრულებული პროექტებით ჯამში „ცენტრ პოინტის" 625 მომხმარებელი დააკმაყოფილა. ამჟამად სამშენებლო სამუშაოები 4 ობიექტზე მიმდინარეობს. ცნობილია მათი დასრულების თარიღებიც: 6 სექტემბერს „დიდი დიღმის ოაზისის" მე-2 კორპუსი გაიხსნება, პირველ ნოემბერს კი - მე - 4 კორპუსი. ამას გარდა, 28 სექტემბერს „დექსუსი" ბათუმის „თეთრი მაგნოლიას" დაასრულებს, პირველ ოქტომბერს კი წყნეთის საცხოვრებელ კორპუსს გახსნის.
"დექსუსმა" სამშენებლო ბაზრის ყველაზე მსხვილი, „ცენტრ პოინტის" ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ კომპანიათა ჯგუფის 100%-ანი წილი მართვაში 2010 წლის სექტემბერში აიღო. „დექსუსის" მართვაში შესვლამდე პროექტებში სამშენებლო სამუშაოები პრაქტიკულად შეჩერებული იყო. კომპანიის მიერ შემუშავდა „ცენტრ პოინტის" რეაბილიტაციის გეგმა. გეგმის მიხედვით, 2012 წლის აპრილამდე მომხმარებლების 51,5% კუთვნილი ფართით უნდა დაკმაყოფილდეს.