დღეს, 9 ივნისს, 12 საათზე, ვარძიაში, საქართველოს ათასწლეულის ფონდი, სამცხე-ჯავახეთის გზის პროექტის ფარგლებში რეაბილიტირებული გზის ხერთვისი-ვარძიის 16 კმ-იან მონაკვეთზე ვარძიის ხიდის მშენებლობის დასრულებას აღნიშნავს. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, აშშ-ის ელჩის მოადგილე საქართველოში კენტ ლოგსდონი, პრეზიდენტის რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ლაშა ჭკადუა და ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი, აგრეთვე, ათასწლეულის კორპორაციისა და მშენებელი კომპანიების წარმომადგენლები.
ხიდის მშენებლობა 2010 წლის ოქტომბერში დაიწყო და მას შპს „ბლექ სი ჯგუფი" და ქვეკონტრაქტორი შპს „ზიმო" ახორციელებდნენ. საერთო ღირებულებით 1,480,000 აშშ დოლარი, ახალი ხიდის საერთო სიგრძე 67 მეტრია. მისი საერთო სიგანე 12.3 მეტრი, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 8 მეტრია. ახალი ხიდის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ, მოხდა ორი ამორტიზებული ხიდის დემონტაჟი.
აღნიშნული ხიდის მშენებლობა განხორციელდა ათასწლეულის ფონდის სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში. საერთო ბიუჯეტით 214 მილიონი აშშ დოლარი, მოხდა 220 კმ გზის მშენებლობა-აღდგენა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში. ეს გზა რეგიონის ძირითადი სატრანსპორტო დერეფნის როლს ასრულებს და თურქეთსა და სომხეთთან დამაკავშირებელ საზღვარს წარმოადგენს, რითაც ხელს უწყობს საერთაშორისო ვაჭრობას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. რეაბილტაციის შემდეგ, თბილისიდან ახალქალაქამდე გავლას 8 საათის ნაცვლად უკვე 3 საათზე ნაკლები სჭირდება. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოხდა 600 მეტრამდე სიგრძის 15 ხიდისა და გზის გასწვრივ არსებული სადრენაჟო სისტემების აღდგენა. ათასწლეულის ფონდის მიერ დაგებული გზის საექსპლოატაციო ვადა 20 წლით განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები