კახეთის გუბერნატორმა გიორგი ღვინიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა ლაშა მაქაცარიამ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე რეგიონებში ჰიბრიდული სიმინდის თესვის პროცესზე ისაუბრეს. ღვინიაშვილის თქმით, სულ დაითესა დაახლოებით 14 ათასი ტონა სიმინდი.
„ეს ის სიმინდია, რაც შემოტანილია ამერიკიდან. არის ქართული სიმინდიც, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობის. სიმინდის დათესვა წარმატებულად ჩატარდა კახეთში, მიუხედავად ამინდის პრობლემებისა", - განაცხადა ღვინიაშვილმა.
მაქაცარიას თქმით კი, იმერეთში 8 000 ჰექტარზეა დათესილი სიმინდი.
„დაახლოებით 60-70პროცენტი უკვე დათესილია და პროცესი ახლაც მიმდინარეობს. გაიზარდა ტექნიკაზე მოთხოვნა, რამაც გარკვეული პრობლემა შექმნა, თუმცა ეს ნიშნავს იმას, რომ დათესვის მსურველი ბევრი იყო. ყველაზე მეტი მსურველი აღმოჩნდა სამტრედიაში, შემდეგ არის ზესტაფონი. დიდი რაოდენობაა ხარაგაულშიც, ვანის რაიონშიც. ზემო იმერეთში მცირე იყო მოთხოვნა, რადგან მცირემიწიანი რეგიონია", - განაცხადა მაქაცარიამ.